21:34 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
სტოკჰოლმის ხედი, შვედეთი

ლეგალურად დასაქმება შვედეთში: პრაქტიკული რჩევები

© Sputnik / STRINGER
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მარიამ ბერიძე
სასარგებლო რჩევები (90)
40410

მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან მეორეში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.

შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა, რომელიც საქართველოში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ამჟამად საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – შვედეთის დასაქმების პოლიტიკა და როგორ მოახერხოთ, ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო მონაცემებით, შვედეთში დასაქმების მაჩვენებელი 81%-ს აღემატება და ეს მაჩვენებელი ევროკავშირის მასშტაბით ერთ-ერთი უმაღლესია. შვედეთი გამოირჩევა უმუშევრობის დაბალი დონითაც.

2008 წლიდან შვედეთში გაიზარდა მესამე ქვეყნებიდან შრომითი იმიგრაცია, რომლის მთავარ მიზეზად მოსახლეობის დაბერების პროცესს ასახელებენ.

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე შვედეთში:

შვედეთში, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, გამოცხადებულ ვაკანსიაზე პირველ რიგში ადგილობრივი სამუშაო ძალა განიხილება, შემდეგ ევროკავშირის ზონის და ბოლოს მესამე ქვეყნის მოქალაქე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებლები 10 დღის ვადაში ვერ მოიძიებენ შესაბამის კანდიდატს ვაკანსიისთვის ადგილობრივი ან ევროკავშირის მასშტაბით, მათ შეუძლიათ მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაქირავება. შვედეთში არ მოქმედებს რაოდენობრივი შეზღუდვები (კვოტები, ლიმიტები და ა.შ.) უცხოელი მუშახელის დაქირავებაზე.

შვედეთის ეკონომიკის ზრდის ტემპებთან ერთად იზრდება მოთხოვნა სამუშაო ძალაზეც, რადგან არის რიგი პროფესიები, სადაც კვალიფიციური მუშახელის დაქირავება გაძნელებულია. შვედეთის მიგრაციის სააგენტო და საჯარო დასაქმების სააგენტო რეგულარულად ადგენენ დეფიციტური საქმიანობების/ვაკანსიების სიას, რომლებზედაც შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა.

კერძოდ, სამუშაო ძალის დეფიციტი შემდეგ სფეროებში არსებობს: ინჟინერია, ჯანდაცვა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომუნიკაცია, განათლება.

მიგრანტი მუშახელის დასაქმება შვედეთში – პრაქტიკული რჩევები

რასაკვირველია, ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს შვედეთში სამუშაოდ ნებართვის მიღება არ სჭირდებათ. მესამე ქვეყნის მოქალაქეს კი დასაქმების შემთხვევაში ესაჭიროება შრომისა და ბინადრობის ნებართვა.

შრომის ნებართვაზე განაცხადი მას შემდეგ კეთდება, რაც სამუშაოს მაძიებელს შვედეთში რეგისტრირებული დამსაქმებელი შესთავაზებს კონკრეტულ თანამდებობას.

გაითვალისწინეთ, შრომის ნებართვაზე განაცხადი შვედეთში ჩასვლამდე, შესაბამის დიპლომატიურ მისიებში (საელჩო, საკონსულო და სხვ.) კეთდება.

რაც შეეხება დამსაქმებელს, თავის მხრივ, მან შვედეთის მიგრაციის სააგენტოში უნდა შეიტანოს განცხადება შეთავაზებული პოზიციის თაობაზე. დამსაქმებელს დასჭირდება კანდიდატის დემოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია (კერძოდ, ელექტრონული ფოსტის მისამართი), ცნობები მოქალაქეობის, განათლების შესახებ და სხვ.

მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი შვედეთის მიგრაციის სააგენტოში შეიტანს განაცხადს, სამუშაოს მაძიებელი (მესამე ქვეყნის მოქალაქე) მიიღებს დამადასტურებელ ელექტრონულ წერილს. ამ  წერილის მიღების შემდეგ ის აკეთებს განაცხადს შრომის ნებართვის მისაღებად (განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია შვედეთის მიგრაციის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე - www.migrationsverket.se).

იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე მიიღებს შრომის ნებართვას სამ თვეზე მეტი ხნის ვადით, იგი ასევე ბინადრობის უფლებასაც მიიღებს.

თემები:
სასარგებლო რჩევები (90)

მთავარი თემები