04:57 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691

როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? – პრაქტიკული რჩევები

© photo: Sputnik / Igor Zarembo
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
102210

დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.

საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე ხშირად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – გერმანიის დასაქმების პოლიტიკა და როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოყენებულია სამუშაო ძალის შემდეგი სახის კლასიფიკაცია:

არაკვალიფიციური მუშაკები – სამუშაო ძალა, რომელიც ფიზიკურად ასრულებს სამუშაოს და არ სჭირდება სპეციფიკური განათლება

კვალიფიციური მუშაკები – პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა

მაღალკვალიფიციური მუშაკები – უმაღლესი (აკადემიური და/ან პროფესიული) განათლების მქონე სამუშაო ძალა

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მასშტაბით უმუშევრობის დონე გერმანიაში ყველაზე დაბალი.

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე გერმანიაში:

გერმანია ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტის შესავსებად იმიგრანტების გამოყენებას დადებითად აფასებს.

გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტო რეგულარულად აწარმოებს შრომის ბაზრის მონიტორინგს და შეისწავლის იმ ვაკანსიებს, რომელთა შევსებაც ყველაზე პრობლემურია. სააგენტო წელიწადში ორჯერ აქვეყნებს იმ პროფესიების სიას, რომელთა შევსებასაც მესამე ქვეყნის მოქალაქეებით მიიჩნევს გამართლებულად. ამ სიას ე.წ. თეთრ სიას უწოდებენ. ძირითადად მოთხოვნაა ისეთ პროფესიებზე, რომელთა შესასრულებლად მოთხოვნაა პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე.

ე.წ. თეთრი სიის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათეული ასე გამოიყურება:
1. ლითონის გადამუშავება, 2. შედუღებისა და დურგლობის ტექნოლოგია, 3. საჰაერო და საზღვაო ინჟინერია, 4. მშენებლობის ელექტრიკოსის პროფესიები, 5. ელექტრომანქანების ინჟინერია, 6. ელექტრო და ინდუსტრიული ინჟინერია, 7. სანტექნიკის დაყენება და მოვლა, 8. იატაკის დაგების პროფესიონალები, 9. თაბაშირ-მუყაოს ინსტალაცია, იზოლაცია, 10. პროფესიები გაგრილების ტექნოლოგიებში.

მიგრანტი მუშახელის დასაქმება გერმანიაში – პრაქტიკული რჩევები

გერმანიაში, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, გამოცხადებულ ვაკანსიაზე პირველ რიგში ადგილობრივი სამუშაო ძალა განიხილება, შემდეგ ევროკავშირის ზონა და ბოლოს მესამე ქვეყნის მოქალაქე.

გერმანიაშიც მოქმედებს ე.წ. შრომის ბაზრის ტესტი, რომლის მიხედვით, თუ დამსაქმებელს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავება სურს, ის ვალდებულია აცნობოს ადგილობრივ დასაქმების სამსახურს, რომელიც ვაკანსიას გამოაქვეყნებს თავის ვებ-პორტალზე. თუ აღნიშნულ პოზიციაზე ვერ მოხერხდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრის პოვნა გერმანიაში, მაშინ დასაქმების სააგენტო თანხმდება შრომისა და ბინადრობის ნებართვა გასცეს მესამე ქვეყნის მოქალაქეზე.

თუმცა, მესამე ქვეყნის მოქალაქეს გერმანიაში შრომის ბაზრის ტესტის გარეშეც შეუძლია მიიღოს დასაქმებაზე თანხმობა, თუ მისი პროფესია შეტანილია ე.წ. თეთრ სიაში, ან მისი კვალიფიკაცია შესაბამისობაშია გერმანულ კვალიფიკაციებთან. გაითვალისწინეთ, თუ თქვენი პროფესია „თეთრ სიაში“ შედის, ვიზისა და ბინადრობის ნებართვის გაცემა გამარტივებული წესით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში არსებობს პროფესიები, რომლებსაც სჭირდებათ სახელმწიფო ლიცენზიები. ასეთი პროფესიებია: ექთანი, ექიმი, ფსიქოთერაპევტი, იურისტი, მასწავლებელი.

კვალიფიკაციების აღიარებისთვის მესამე ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეძლოს იმის დადასტურება, რომ მას შესაბამისი სწავლება გაუვლია გერმანიის გარდა სხვა ქვეყანაში. პროცედურის დაწყება შესაძლებელია მანამდე, სანამ პირი მიიღებს გერმანიაში ცხოვრების უფლებას ან ფიზიკურად ჩავა ქვეყანაში.

 

მთავარი თემები