06:42 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
საოფისე სამსახური

თუ დამსაქმებელი შვებულებას არ გაძლევთ: იცოდეთ თქვენი უფლებები

CC0 / Pixabay
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (138)
61520

საქართველოს შრომით–სამართლებრივ ურთიერთობებში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ანაზღაურებადი შვებულების გაცემა რჩება.

შვებულების გაცემის პრობლემა უფრო მწვავედ დგას კერძო სექტორში, სადაც ხელშეკრულების ხარვეზიანობა ან არარსებობა კუთვნილი შვებულების გამოყენებას შეუძლებელს ხდის. დასაქმებულს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, თავისი კანონიერი უფლებით ისარგებლოს და გამოიყენოს კანონით მინიჭებული ფასიანი შვებულება.

საქართველოში აღნიშნული პრობლემა აქტუალურია გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა, დასაქმებულები უმუშევრად დარჩენის შიშით ვერ (არ) ითხოვენ კუთვნილ შვებულებას, ან, უარეს შემთხვევაში, მათ წარმოდგენაც არ აქვთ საკუთარ უფლებებზე. ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა დასაქმების ისეთ სფეროებში დგას, როგორებიცაა სუპერმარკეტები, ნახევარფაბრიკატების საწარმოები, სამშენებლო ობიექტები და ა.შ.

რა არის შვებულება

დასაქმებულის მიერ შვებულების აღება გულისხმობს შრომითი ურთიერთობების დროებით შეჩერებას. ანუ, ამ დროს დასაქმებული დროებით არ ასრულებს სამუშაოს, რომელიც მისი ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, არსებობს ორი სახის შვებულება:

1. ანაზღაურებადი – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღე

2. ანაზღაურების გარეშე – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღე

თუმცა, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ შვებულების განსხავებულ ვადებსა და პირობებზე. მაგალითად, შესაძლოა, დამსაქმებელმა არ მოგცეთ შვებულებით სარგებლობის უფლება და სანაცვლოდ აგინაზღაუროთ ხელფასის ორმაგი ოდენობით, ან მოგცეთ შვებულება უფრო მეტი ვადით.

დაიმახსოვრეთ: დამსაქმებელს არ შეუძლია უარესი პირობები შემოგთავაზოთ, ვიდრე შრომითი კანონმდებლობითაა დადგენილი.

არ დაგავიწყდეთ, თუ აპირებთ ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებას, ვალდებული ხართ, თქვენი დამსაქმებელი 2 კვირით ადრე მაინც გააფრთხილოთ. რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პრობლემები გაქვთ.

შვებულების მიცემის წესი

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, თუ ერთსა და იმავე სამუშაო ადგილზე 11 თვე გაქვთ ნამუშევარი, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შვებულებით. თუმცა, დამსაქმებლის კეთილი ნების შემთხვევაში შეიძლება 11-თვიანი ვადის გასვლამდეც მიიღოთ ნანატრი შვებულება. 

გაითვალისწინეთ, თუ 11 თვეზე ნაკლები ვადით გაქვთ დადებული შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისი შეთანხმების გარეშე შვებულების უფლებას ვერ მოიპოვებთ.

11-თვიანი ვადა იანგარიშება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროით. ამ დროში არ ითვლება, თუ თქვენ სამუშაო არასაპატიო მიზეზით გააცდინეთ, ან 7 სამუშაო დღეზე მეტი ხნით ანაზღაურების გარეშე შვებულებაში იყავით.

მუშაობის მეორე წლიდან კი, თუ დამსაქმებელი არ იქნება წინააღმდეგი, თქვენ უფლება გაქვთ, შვებულება გამოიყენოთ სამუშაო წლის ნებისმიერ დროს, შეიძლება მისი გამოყენება ნაწილ-ნაწილაც. მაგალითად, აიღოთ სამდღიანი, ერთკვირიანი და ა.შ. შვებულება თქვენი სურვილის მიხედვით.

დაიმახსოვრეთ! შვებულებაში არ ითვლება:

· დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი

· შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

· შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო

· დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო

გაითვალისწინეთ, დამსაქმებელი უფლებამოსილია, საკუთარი თანამშრომლებისთვის თვითონ დაადგინოს წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

ანაზღაურებადი შვებულების გადატანა

ანაზღაურებადი შვებულების გადატანა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც:

მიმდინარე წელს თქვენთვის ანაზღაურებადი შვებულების მოცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ თქვენი თანხმობით, დასაშვებია კუთვნილი შვებულება მომავალი წლისთვის გადაგიტანონ.

გაითვალისწინეთ:

· აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისთვის.

· აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, თუ მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე ხართ დასაქმებული, თქვენ დამატებით გეკუთვნით ანაზღაურებადი შვებულება – წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით.

როგორ გამოითვლება საშვებულებო ანაზღაურება

დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება შემდეგნაირად გამოითვლება:

ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

თუ ანაზღაურება არ არის ფიქსირებული – შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან.

თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან.

შვებულება საჯარო სამსახურში

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი საჯარო სამსახურში დასაქმებული მოსამსახურეებისთვის ასევე ითვალისწინებს როგორც ანაზღაურებად, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებას. ანაზღაურებადი შვებულება მოიცავს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს, ხოლო ანაზღაურების გარეშე – არაუმეტეს 1 წლის ოდენობით.

საჯარო მოსამსახურეებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ასევე ეძლევათ სასწავლო შვებულებაც, რომლის გამოყენება შეიძლება 5 წელიწადში ერთხელ 3 თვემდე ვადით, ხელფასის შენარჩუნებით.

მნიშვნელოვანია ფლობდეთ ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ, რათა მიიღოთ კუთვნილი შვებულება და დამსაქმებელს არ მიეცეს შესაძლებლობა, დამატებით ხარჯებს აარიდოს თავი.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (138)

მთავარი თემები