01:45 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
სანოტარო ბიურო

თუ მშობელმა ქონება სხვას უანდერძა... იცოდეთ თქვენი უფლებები

© Sputnik / Alexander Imedashvili
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (114)
15183170

საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეული საკითხია, როდესაც საქმე სამემკვიდრეო სამართალს ეხება, რადგან არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეობის გამო უახლოესი ნათესავები და ოჯახის წევრებიც კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან ხოლმე ერთმანეთს.

ხშირად მოქალაქეებმა არ იციან, რა განისაზღვრება მემკვიდრეობითი სამართლით, რომ გარდა ქონებისა, მათ მემკვიდრეობით მამკვიდრებლის ვალებიც გადაეცემათ. ასევე არ იციან მემკვიდრეების რიგითობა, ვინ არის უპირატესი. წარმოდგენა არ აქვთ, რომ შვილები ერთნაირი უფლებით სარგებლობენ და თანაბრად იღებენ ქონებას. ეს ყველაფერი კი შემდეგ უამრავი დავისა და ხელჩართული ჩხუბის მიზეზიც ხდება.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია კანონით დარეგულირებული მემკვიდრეობა (სამკვიდრო), რამდენი სახის მემკვიდრეობა არსებობს, როგორია მემკვიდრეების რიგითობა, რა არის სავალდებულო წილი და ა.შ.

ოჯახის წევრებთან თუ ნათესავებთან ქონებრივ ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მშვიდობიანად მიიღოს თავისი საკუთრება, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

რა არის სამკვიდრო?

– ქონება, რომელიც თქვენ გრჩებათ მემკვიდრეობით, შეიძლება შედგებოდეს უძრავი და მოძრავი ნივთებისგან. ასევე, როდესაც გარდაცვლილს დარჩა შეუსრულებელი ვალდებულებები, სამკვიდრო ქონებასთან ერთად ეს ვალდებულებებიც თქვენზე გადმოვა. მაგალითად, თუ თქვენ მემკვიდრეობით გადმოგეცათ პეტრე სამჭკუაშვილის ქონება, რომელსაც პავლე თვალჭრელიძის ვალი დარჩა გადასახდელი, ამ ნასესხები ფულის დაბრუნების მოვალეობაც თქვენ დაგეკისრებათ.

ასევე მემკვიდრეობით გადმოგეცემათ წილი, რომელიც მამკვიდრებელს საერთო საკუთრებაში ეკუთვნოდა. მაგალითად, თუ სამჭკუაშვილს მეზობელთან ერთად ნაყიდი ჰყავდა ძროხა ან მანქანა, მემკვიდრეობით დატოვებულ ქონებაში მისი წილის ღირებულებაც შევა.

მემკვიდრეობით არ გადმოგეცემათ პირადი ხასიათის ნივთები, უფლებები და მოვალეობები. მაგალითად, ალიმენტის ან პენსიის მიღების უფლება, საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენიებელი და სხვა საკულტო ნივთები, საფლავი. დოკუმენტაცია კი არ იყოფა და ის მამკვიდრებლის ოჯახს, ან მთელს სამკვიდროს რჩება საკუთრებად.

მემკვიდრეობის სახეები

- გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონება მემკვიდრეებზე ორი სახით გადადის: 1. კანონით მემკვიდრეობით, 2. ანდერძით. თუმცა, შესაძლოა, ორივე სახით გადავიდეს. მაგალითად, თუ თქვენ პეტრე სამჭკუაშვილმა ანდერძით მხოლოდ სამკვიდროს ნაწილი დაგიტოვათ, მეორე ნაწილზე კანონით მემკვიდრეობა გავრცელდება (თუ გეკუთვნით).

გასათვალისწინებელია, რომ კანონით მემკვიდრეობით სამკვიდრო გადადის მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს ანდერძი, ან ანდერძი სამკვიდროს მხოლოდ ნაწილს ფარავს, ან კიდევ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად გამოცხადდა.

მემკვიდრეთა რიგითობა: როდესაც საქმე ეხება კანონით მემკვიდრეობას, აქ ყველაფერი გარკვეულია. სამოქალაქო კოდექსი კანონით მემკვიდრეთა ხუთ რიგს ითვალისწინებს:

1. შვილები (მათ შორის მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაბადებულები), მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)

2. და-ძმა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გარდაცვლილები არიან, დისშვილები და ძმისშვილები

3. ბებია-პაპა

4. ბიძები, დეიდები, მამიდები

5. ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი (თუ ისინი გარდაცვლილები არიან, მაშინ მათი შვილები)

გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ რიგში გაერთიანებული მემკვიდრეები თანასწორი წილის მიღების უფლებით სარგებლობენ. მაგალითად, თუ თქვენ პეტრე სამჭკუაშვილის შვილი ხართ, მისი ქონება თქვენზე, თქვენს და-ძმაზე, დედასა და თქვენს ბებია-პაპაზე თანაბრად განაწილდება. 

კანონის მიხედვით, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრეობას. მაგალითად, თუ თქვენ პეტრე სამჭკუაშვილის ძმა ხართ (მეორე რიგის მემკვიდრე) და მას ერთი შვილი მაინც ჰყავს, თქვენ მის სამკვიდროს ვერ მიიღებთ.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, სამკვიდრო ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის.

რას ნიშნავს ანდერძით მემკვიდრეობა?

– თქვენ შეგიძლიათ თქვენი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოთ ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ასევე გარეშე, მესამე პირებსაც. მაგალითად, თქვენს მეგობარს, მეზობელს, მეუღლის მამიდაშვილს და ა.შ.

რა უნდა გაითვალისწინოთ ანდერძის შედგენისას?

- მის შესადგენად მემკვიდრის თანხმობა საჭირო არაა.

- მისი შედგენის შემდეგაც, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააუქმოთ კიდეც ანდერძი.  

- უნდა იყოთ სრულწლოვანი (18 წლის და ზევით) ქმედუნარიანი პირი. აღსანიშნავია, რომ თუ პირმა ანდერძის შედგენის შემდეგ დაკარგა ქმედუნარიანობა, ეს ანდერძზე გავლენას არ მოახდენს.

- ანდერძი პირადად უნდა შეადგინოთ, დაუშვებელია, რომ სხვა პირს დაავალოთ მისი შედგენა.

- თუ ანდერძში რამდენიმე მემკვიდრეს მოიხსენიებთ, შეგიძლიათ თითოეული მათგანის წილი განსაზღვროთ – რომელს რა ქონება შეხვდება. მაგალითად, ერთ მემკვიდრეს შეახვედროთ სახლი, მეორეს – ავტომობილი, მესამეს – კატა და ა.შ. თუ ზუსტად არ განსაზღვრავთ, ვის რა ქონება უნდა გადაეცეს, მაშინ მემკვიდრეებს შორის სამკვიდრო თანაბრად გადანაწილდება. მაგალითად, თუ შვილებს სახლს ანდერძით უტოვებთ და არაფერია ნათქვამი იმაზე, თითოეულს რა შეხვდება, მაშინ ეს სახლი მათზე თანაბრად გადანაწილდება. ასევე შეგიძლიათ რამდენიმეს წილი განუსაზღვროთ და დანარჩენს არა.

- ანდერძი წერილობითი ფორმით უნდა შეადგინოთ. შეიძლება ის იყოს სანოტარო წესით დადასტურებული, ან მის გარეშე, ეს თქვენ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, გაითვალისწინეთ, ნოტარიულად დამოწმებულ ანდერძს უფრო მეტი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე სახლში თქვენით დაწერილს.

რას ნიშნავს მემკვიდრის სავალდებულო წილი?

– აღსანიშნავია, რომ მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს ეკუთვნით სავალდებულო წილი, მიუხედავად იმისა, გაითვალისწინა თუ არა ისინი მოანდერძემ თავის ანდერძში.

სავალდებულო წილი შეადგენს იმ წილის ნახევარს, რასაც თითოეული მათგანი კანონით მემკვიდრეობით დროს მიიღებდა. მაგალითად, თუ თქვენ მემკვიდრეობით უნდა მიგეღოთ ათასი ლარი და მამამ ანდერძში არ გაგითვალისწინათ, მაშინ თქვენ სავალდებულო წილის სახით 500 ლარს მიიღებთ. აუცილებელია სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს თავდაპირველად გავარკვიოთ, თუ რამდენი მემკვიდრეა სავალდებულო წილის მიმღები.

სავალდებულო წილის მიღების უფლება მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან წარმოიშობა. მაგრამ თუ ამ წილის მიღებამდე  უფლებამოსილი პირი გარდაიცვალა, სავალდებულო წილი მემკვიდრეობით გადავა მის მემკვიდრეებზე. 

ზოგადად, მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას თავის სავალდებულო წილზე, მაგრამ ის არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრის წილის გაზრდას, არამედ გადავა ანდერძით მემკვიდრეებზე. 

და, ბოლოს, მნიშვნელობა არ აქვს, დედის მუცლიდან გამოგყვათ ქონება, თუ ვინმემ გიანდერძათ, მთავარია კარგად იცოდეთ თქვენი უფლებები, რომ დაიცვათ თქვენი მემკვიდრეობა.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (114)

მთავარი თემები