19:50 23 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7545
  • 100 RUB4.3140
  • USD3.1566
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
5537220

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია სერტიფიცირებული ქოუჩი და ბიზნეს–ტრენერი საერთაშორისო გამოცდილებით, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი, ემოციური ინტელექტის განვითარების სპეციალისტი და სპიკერი ეკატერინე ბაბუნაშვილი.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად განათლებისა, ანალიტიკური აზროვნებისა თუ წაკითხული წიგნებისა, მაინც ვერ აღწევენ წარმატებას. მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი სასწავლებელი არც აქვთ დამთავრებული, მაგრამ წარმატებული ბიზნესის მფლობელებად გვევლინებიან და აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა განაპირობებს ამ სხვაობას? გაიცანით, ეს ემოციური ინტელექტია.

ემოციური ინტელექტი ტვინის კოგნიტური უნარია – გააანალიზოს ემოციებისგან მიღებული ინფორმაცია და გამოიყენოს როგორც რესურსი. მარტივად რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი ადამიანის უნარია, დაასახელოს ის ემოცია, რომელსაც განიცდის და მისი მართვა უზრუნველყოს. ადამიანებს, რომელთაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, სხვების ემოციების აღქმა და მოსაუბრესთან კომუნიკაციის აგება შეუძლიათ მისთვის გასაგებ ენაზე. შესაბამისად, ასეთი ადამიანები ეფექტურები არიან მოლაპარაკებებში, გუნდური მუშაობის პროდუქტიულად ორგანიზება და კონფლიქტების მართვა მათი უნარების არასრულ ჩამონათვალს შეადგენს. კვლევებმა დაადგინა რომ ინტელექტს (IQ) მხოლოდ 20%-ით შეაქვს თავისი წვლილი ადამიანის წარმატებაში, დანარჩენი 80% კი ემოციური ინტელექტითა და „ადამიანური უნარებითაა“ განპირობებული.

რატომ ადამიანური?

ემოცია ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის როგორ აღიქვას და გაუმკლავდეს მას. საზოგადოებაში ხშირად გვხვდება ისეთი შეხედულებები, როგორიცაა: ემოცია არ უნდა გამოხატო! ემოცია უნდა აკონტროლო–ჩაახშო, რათა არ დაგეტყოს! ემოციები არ არის კაცის საქმე! და სხვა.

სინამდვილეში კი ესა თუ ის ემოცია ჩვენ ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ განვიცდით სხვადასხვა ემოციას და ეს ფერადი პალიტრა ჩვენს ორგანიზმს შესაბამის სტრატეგიას კარნახობს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვბრაზობთ, ორგანიზმი ადრენალინსა და ნორადრენალინს გამოყოფს, რომელიც, თავის მხრივ, ენერგიის მოზღვავების ეფექტს განაპირობებს და სწრაფი მოქმედების იმპულსს ქმნის. ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც გაბრაზებულს სწრაფი ნაბიჯით კილომეტრები დაუძლევია. ეს ბუნებრივია, ადრენალინი ხომ მოძრაობით ნეიტრალდება. სიყვარულის ემოცია, თავის მხრივ, ოქსიტოცინთან ასოცირდება. ოქსიტოცინი ბედნიერების განცდას და დადებით ვიბრაციებს იწვევს ჩვენ ორგანიზმში. ემპათიური ადამიანები მის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან. ოქსიტიცინია აგრეთვე შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის სურვილს რომ აღგვიძრავს და ბავშვებს ასე ძალიან რომ უყვართ ფუმფულა სათამაშოსთან ჩახუტებულებს დაძინება. დიახ, ნებისმიერი ჩვენი მდგომარეობა ქიმიური რეაქციაა!

ემპათია

ემპათია ემოციური ინტელექტის უმნიშვნელოვანესი კომპეტენციაა და „ადამიანურ უნარებს“ შორის ყველაზე ლიდერული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლიდერი ემპათიის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ მენეჯერია.

ემპათია ადამიანის უნარია – შეხედოს შექმნილ სიტუაციას სხვა ადამიანის თვალით და შეძლოს მის ადგილზე საკუთარი თავის დაყენება. როდესაც გვესმის ადამიანის ემოცია და შეხედულების უკან მდგარი პოზიცია, უკეთ გამოვნახავთ საერთო ინტერესებსაც და კომუნიკაციაც ეფექტური იქნება.

ემპათიასთან დაკავშირებით ბევრ ადამიანს აქვს შეხედულება, რომ იგი გამორიცხავს „არას“ თქმის შესაძლებლობას. ეს მცდარი წარმოდგენაა, ვინაიდან ემპათია სწორედ დროულ უკუკავშირს, საკუთარი ემოციისა და ინტერესების მკაფიოდ გამოხატვას უკავშირდება. ყველაზე ემპათიური ადამიანები ყველაზე დროულად ამბობენ „არას“ და არაჩვეულებრივად ასაბუთებენ საკუთარ პოზიციას, ვინაიდან კარგად ესმით საკუთარი მიზნები და ინტერესები, ასევე ხედავენ სხვისი პოზიციის უკან მდგარ ინტერესსა და ემოციას.

პოზიტიური აზროვნება

ემოციური ინტელექტის საფუძველს პოზიტიური აზროვნების უნარი ქმნის. ბევრ ადამიანს სურს შეეძლოს ემოციების მართვა, მაგრამ ცოტას თუ ესმის, რომ მის უკან პოზიტიური აზროვნების უნარი იმალება. რას ვგრძნობ ახლა? რა გრძნობა მომეხმარება მოცემულ სიტუაციაში?— ორი ძირითადი შეკითხვაა, რომელზეც პასუხი უნდა გქონდეთ. პირველი შეკითხვა ემოციების დასახელებას უკავშირდება, ხოლო მეორე მის გარდაქმნას უწყობს ხელს. როდესაც ჩვენ ყურადღება რესურსულ მდგომარეობაზე გადაგვაქვს, სწორედ ეს მდგომარეობა ქმნის საფუძველს მომდევნო ნაბიჯებისთვის. ალბათ დამეთანხმებით, რომ გაბრაზებულ მდგომარეობაში მოქმედებას ინტერესით მოქმედება სჯობს. ბრაზით გამოწვეული ქაოტური კომუნიკაციის ნაცვლად კი შეკითხვების დასმითა და უკუკავშირით ურთიერთობაში ახალი შესაძლებლობები იქმნება.

ემოციური ინტელექტის განვითარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მთავარია სურვილი, მზადყოფნა – გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენთვის და ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის.

ჩვენ სოციუმში ვცხოვრობთ და სწორედ „ადამიანური უნარები“ ქმნის ფუნდამენტს წარმატებისა და კეთილდღეობისთვის.

მთავარი თემები