16:07 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
სკივრი

შელოცვები ბებიის სკივრიდან – ნაღრძობისა

© photo: Sputnik / Alexandr Utkin
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
39840

ვაგრძელებთ ხალხური ზეპირსიტყვიერების იშვიათი დარგის, გაქრობის პირას მყოფი ქართული ფოლკლორის უნიკალური სახეობის – შელოცვების პუბლიკაციას. რუბრიკას უძღვება ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი.

შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს, შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“. შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.

მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა. გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს. შელოცვები წარმოადგენენ რაღაც ეკლესიური ცოდნის, ქრისტიანული სიმბოლიკის გადაგვარება-დამახინჯების პროდუქტს. მინიშნებითაც კი ადვილი საგრძნობია, რომ ქრისტიანული ცოდნა რაღაც ეტაპზე გახალხურდა, მასში შეიჭრა არაკანონიკური ელემენტები, დამახინჯდა და ასეთი ფორმით განეფინა შელოცვებში. ამდენად, შელოცვები არ არის წარმართული ტექსტები და, ძირითადად, ქრისტიანობის გახალხურების, პაგანიზაციის პროდუქტია.

ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ლოცვასა და შელოცვას შორის არის რიტუალი, რომლის გარეშე ის თითქოს ძალას კარგავს. შელოცვები — ეს იგივე მაგიური პოეზიაა და მაგიური ტექსტებით ლოცვა მორწმუნე ქრისტიანისთვის  მკრეხელობაც კია: „ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვითა კურნებასა ეძიებენ… ღმერთი არს მკურნალი ჩვენი“ — გვაწავლიან ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზეპირსიტყვიერების ეს ჟანრი ძალზე აქტუალური იყო ქართულ სოფლებში, შემლოცველიც განსაკუთრებული მადლმოსილების ადამიანი უნდა ყოფილიყო. დღეს კი ქართული ფოკლორის ეს იშვიათი მარგალიტი გაქრობის პირასაა.

გთავაზობთ ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვებს — დღეს ნაღრძობისას შემოგთავაზებთ.

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

გორიალა გორდებოდეს,

მესამე დღეს მორჩებოდეს,

ნაჯორჯები ჯორდებოდეს,

მესამე დღეს მორჩებოდეს.

ევა დეეცა, დევა დეეცა

სამა და სამი დღის ვადით;

უცხო ფრინველმა

უცხო მინდორში

ბუდე დეიდგა

სამა და სამი დღის ვადით;

ძვალმა ირეწკა,

ხორცმა იქრთო

სამა და სამი დღის ვადით;

კრავმა იბღავლა,

ცხვარმა ჩაყლაპა

სამა და სამი დღის ვადით.

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი, მოუხდინე ლოცვა ჩემი, 

ბრძანებაა ღვთის და 

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

ნაღრძობის შელოცვისას ავადმყოფს ნატკენ ადგილს კაკლის ფოთლით (ან კაკლის ლებნით) შეუზელდნენ და მერე თბილად შეუხვევდნენ.

მთავარი თემები