როდესაც ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი საუბრობს თვითკმარ და თავდაჯერებულ ქალებზე, ქალის დამოუკიდებლობაზე, საკუთარი თავის უზრუნველყოფის, საკვანძო გადაწყვეტილებების მიღების უნარზე, კარიერულ ზრდაზე, თავისი ცხოვრების კონტროლის შესაძლებლობაზე, ბევრს პროტესტის გრძნობა უჩნდება — ეს ხომ კაცია ქალის კაბაში! და რომ ეს მამაკაცის სახეა — მტკიცე, მკაცრი, ქალურობას მოკლებული.
დავუშვათ, რომ ასეა. მაგრამ ვნახოთ, რა ელოდება ამ ე.წ. მამაკაცურ თვისებებს მოკლებულ ქალს. წარმოვიდგინოთ ასეთი გოგონა—ფერია.
პირველ რიგში, მას არ აქვს ფული. მას ხომ არასდროს უმუშავია და ყოველთვის იმ მამაკაცის იმედზე იყო, რომელიც ინახავდა. თავიდან ეს მამა იყო, მერე ის საზეიმოდ გადაულოცეს მეუღლეს. მაგრამ არანაირ პარტნიორულ ურთიერთობებზე ასეთ ოჯახში საუბარი არ უწევთ: გოგონას ჩვეული "შვილის პოზიცია" უკავია, ხოლო ქმარს "მზრუნველი მამის" როლი აქვს მორგებული. ეს საუკეთესო შემთხვევაში.
როდესაც შეყვარებულობის ხანა შენელდება. მამის როლს მორგებული ქმარი, ასე თუ ისე, კრიტიკულად იწყებს ცოლის სურვილების ყურებას. ახალი ქურქი უნდა? ძველი ისევ მშვენივრად გამოიყურება. ახალი ჩექმა? რა, ცოტა აქვს? სჯობს, ფული სხვა რამეში დავხარჯო. ქალი, როგორც ხარჯის მუდმივი წყარო, მის გაღიზიანებას იწვევს. მას აღარ აქვს სურვილი, ქალი საჩუქრებით გაახაროს, რადგან ის სულ ითხოვს, ითხოვს…
ბავშვები უანგაროდ გვიყვარს. ზრდასრული ქალის (ან მამაკაცის) უანგარო სიყვარული შეუძლებელია. შეუძლებელია, მხოლოდ გასცე და სანაცვლოდ არაფერი მიიღო. ესაა ხელშეკრულების, "კონტრაქტული" ურთიერთობები, აქ ბალანსია საჭირო. და გჯეროდეთ: სექსი და საკვები საკმარისად წონიანი ფაქტორები არ არის იმისთვის, რომ მამაკაცმა გადაწყვიტოს, რომ ამისთვის ცოლი ყველა სიკეთით აავსოს. გარდა ამისა, ფული — ეს ძალაუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მდიდარი კაციც კი დაფიქრდება: თუ მას ვინახავ, მე სახლში ბატონი ვარ, მინდა ბრძანებების გაცემა. მე მთავარი ვარ. ის გააკეთებს იმას, რასაც ვეტყვი. მას რჩევას არ ვკითხავ. ყველაფერს თავად გადავწყვეტ. დამექვემდებარება, აბა, სად წავა… ეს პატივისცემის დაკარგვა და ოჯახის, როგორც ასეთის, ნგრევაა.
მეორე — ქალს უჩნდება შიში. თუ ეს კაცი წავა, ვინ არჩენს მას? ასაკთან ერთად ჭკვიანი, შეძლებული, მიმზიდველი უცოლო მამაკაცის მოძებნა, რომელიც ქალს უზრუნველყოფს (და თან თუ ამ ქალს შვილებიც ჰყავს), რთულდება.
მამაკაცი არსადაც რომ არ წავიდეს, ყოველწლიურად მისთვის ეს ქალი სულ უფრო ნაკლებად საინტერესო ხდება, რადგან მას არანაირი საკუთარი ცხოვრება არა აქვს. რაზე ელაპარაკოს? ბავშვები, მაღაზიები, სერიალები — ეს მოსაწყენია. მისი ყოველი დღე წინას ჰგავს, ყველა სიახლე ყოფით თემას ეხება. ზოგი იტყვის — ჰობი? მას ხომ შეიძლება რაიმე საინტერესო ჰობი ჰქონდეს? კი, შეიძლება. მაგრამ ეს თვითრეალიზებას არ ეხება. მას შეიძლება იტაცებდეს ხატვა, იოგა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთფეროვანია. კაცი ერთხელ ნახავს, ორჯერ მოუსმენს და მერე იტყვის, რომ საკმარისია, ყელში ამოუვიდა. ქალი, უბრალოდ, დროს კლავს, ის არაფერს აღწევს, არ იზრდება, თავისი ამბიციების რეალიზებას არ ახდენს, წინ არ მოძრაობს. თითქოს ჭაობშია.
ქალის მთელი ინტერესები დიასახლისობის სფეროს არ სცილდება. არანაირი სურვილი არაა, მასთან განიხილო რაიმე საინტერესო თემა, რადგან მისი შეხედულება საკითხზე იქნება უინტერესო, უადგილო. მას ცოტა რამ უნახავს, ურთიერთობები არ ჰქონია მრავალმხრივ განვითარებულ ადამიანებთან, მას არ ჰქონია საჭიროება, კრიზისული სიტუაციიდან თვითონ გამოსულიყო, ფაქტობრივად, ქალს არანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება არა აქვს განსხვავებით იმ ქალებისგან, რომლებიც მუშაობენ და თვითრეალიზებას ახდენენ. სამუშაო — ეს მხოლოდ ფული არ არის, ეს არის პიროვნების ზრდა, სოციალური და პროფესიული კავშირების შეძენა, კომუნიკაციების სხვადასხვა საშუალება, სხვადასხვა ხასიათის ადამიანებთან ურთიერთობების აწყობა და ზოგადად ის, რასაც ცხოვრებისეულ სკოლას ეძახიან.
რა დარჩენია ჩვენ ლირიკულ გმირ ქალს? ბავშვების გაჩენა. ეს ნამდვილად არ არის ცუდი. მაგრამ ბავშვები იზრდებიან… სადღაც 45 წლისა ბავშვებს ის აღარ სჭირდებათ მთელი დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში, ისინი უკვე საკმაოდ დამოუკიდებელი არიან. ქალმა კი მეტი არაფერი იცის. ახლა წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: სანამ ბავშვები პატარა იყვნენ, მამაკაცი ყველას აჭმევდა, აცმევდა, უზრუნველყოფდა — ის წესიერი ადამიანია. ახლა ბავშვები გაიზარდნენ, ცოლთან სალაპარაკო უკვე აღარაფერია, როგორც პიროვნება, ის კაცისთვის საინტერესო არ არის, როგორც პრობლემების მუდმივმა წყარომ და ფულის მთხოვნელმა — უკვე დაღალა. რამდენად პერსპექტიულად გეჩვენებათ 45 წლის ქალის პერსპექტივა, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია და რომელსაც ქმარი შორდება?
და, ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი. ქალისთვის, რომელსაც ცხოვრებაში არ უმუშავია, ოჯახში პატრიარქალური წყობის მომხრეა, არ არსებობს მთავარი შემადგენელი ცნებისა "ზრდასრული ადამიანი". ის არ აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას. ის ყოველთვის დამოკიდებულია. ის უნდა შეეწყოს სხვას, დაუთმოს, რადგან სხვაგვარად ვერ მიიღებს იმას, რაც სურს. თუ მას ეუბნებიან "არას", ქალი ვერ იტყვის: "არც მინდა, თვითონ ვიყიდი/გადავწყვეტ/გავაკეთებ". გარეგნობის გარდა მას არაფერი გააჩნია. სხვა ყველაფერი მის მიერ არ არის არც ნაყიდი და არც შექმნილი და ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება წაართვან.
გარდა ამისა, მას დაგეგმვაც არ შეუძლია — დღეს ასეთი ვითარებაა და ხვალ უკვე სხვაგვარად იქნება. არსობრივად, პატრიარქალური ოჯახი ურთიერთობების ისეთივე ვარიანტია, როგორც დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობები. თუ კარგად მიდის საქმე, დაქირავებული ცდილობს — შეიძლება კვარტალური პრემია მისცენ. თუ ხშირად ავადმყოფობს, დაკარგა ენთუზიაზმი — გაათავისუფლეს და სხვა დაიქირავეს.
ახლა კი ისევ ქალურობის საკითხი: არავინ უშლის ინჟინერ ქალს ხელს, ჩაიცვას კაბა, ექიმს — თმა კულულებად დაილაგოს, ხოლო ფინანსურ-ანალიტიკური განყოფილების უფროსს — ღაწვები გაიფერადოს. არავინ უშლის ხელს მეცნიერ-თანამშრომელს იყოს ნაზი და მზრუნველი. არავინ ართმევს პოლიციელ ქალს უფლებას, უყვარდეს პოეზია და ყვავილები.
ხშირად მეკითხებიან, რად სჭირდება წარმატებულ, დამოუკიდებელ ქალს მამაკაცი. ამაზე გიპასუხებთ — სიხარულისთვის. ოჯახში ორივე ადამიანი ერთმანეთის სიხარულისთვის არის. თუ ერთი ადამიანი მეორეში ხედავს არა ბედნიერებას, არამედ აგრეგატს გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად — ეს ფინიშია.