ელისო ვირსალაძე დღეს იუბილარია

გამოწერა
ქართველი პიანისტი რეგულარულად მართავს კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, წარმატებით გამოდის ლონდონის, მილანის, რომის, პარიზის, ლისაბონის, ბერლინის საკონცერტო სცენებზე.

ხატია გიგოლაშვილი

ელისო ვირსალაძე, რომელმაც ქართულ კულტურას სიცოცხლეშივე ღრმა კვალი დაამჩნია, დღეს იუბილარია. პიანისტის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით, მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია.

უდიდესი ქართველი პიანისტი, მუსიკოსი და პედაგოგი ელისო ვირსალაძე თბილისში 1942 წლის 14 სექტემბერს დაიბადა. მუსიკალური განათლება თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლასა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში მიიღო. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ასპირანტურის კურსი მოსკოვში, პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში პროფესორ ზაკის ხელმძღვანელობით გაიარა.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიელისო ვირსალაძე
Грузинская и российская пианистка Элисо Вирсаладзе - Sputnik საქართველო
ელისო ვირსალაძე

ელისო ვირსალაძის ბიოგრაფია დაკავშირებულია დიდი კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების მქონე ვირსალაძეების ოჯახთან. ბებია ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ანასტასია ვირსალაძე იყო. იგი ელისოს პედაგოგიც იყო ჯერ ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, შემდეგ კი თბილისის სახელწიფო კონსერვატორიაში.

ელისო ვირსალაძე თანამედროვე მუსიკოსებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულ პიანისტია. მრავალფეროვანია მისი რეპერტუარი. ის მოცარტის, ბეთჰოვენის, შუმანის, პროკოფიევის, შოპენის ნაწარმოებების საუკეთესო ინტერპრეტატორია. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც. საშემსრულებლო მოღვაწეობის გარდა ელისო ვირსალაძე პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. მისი მოსწავლეები არაერთგზის გამხდარან სხვადასხვა კონკურსების ლაურეატები და ჯილდოს მფლობელები.

უკვე 40 წელია დიდი ქართველი პიანისტი მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორ ლევ ვლასენკოს კათედრის დოცენტი, ამავე კათედრის პროფესორი (1994 წლიდან) და მიუნხენის უმაღლესი სამუსიკო სკოლის პროფესორია. იგი რეგულარულად მართავს კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. წარმატებით გამოდის ლონდონის, მილანის, რომის, პარიზის, ლისაბონის, ბერლინის საკონცერტო სცენებზე. გარდა ამისა, ვირსალაძე საგასტროლო ტურნეებს მართავს ამერიკასა და იაპონიაში. აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან (რუდოლფ ბარშაი, კოროლ კონდრაშინი, რიკარდო მუტი, კურტ ზანდერლინგი, ვოლფგანგ ზავალისი, ევგენი სვეტლანოვი, იური ტემირკანოვი, ანტონი ბიტი). კომპანია "ლაივ კლასიკის" მიერ გამოცემულია ელისო ვირსალაძის შემოქმედების მრავალი ჩანაწერი.

© photo: Sputnikკამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ქება ვაზისა"
Музыкальный фестиваль Элисо Вирсаладзе пройдет в Телави - Sputnik საქართველო
კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ქება ვაზისა"

საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ რამდენიმე წლის წინ ელისო ვირსალაძემ თელავში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქება ვაზისა" აღადგინა. ყოველწლიურ ფესტივალზე მაღალი დონის შემსრულებლები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. მის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებისა და შემსრულებლებისთვის ღია გაკვეთილები და მასტერკლასები ტარდება. მსმენელებს კი საშუალება აქვთ გაეცნონ პროფესიონალი მუსიკოსების შემოქმედებას. ფესტივალი „ქება ვაზისა" ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა და პირველივე წლიდან პოპულარული და წარმატებული გახდა. 90-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების გამო ფესტივალი შეწყდა და „ქება ვაზისა" 1994 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა.

არაჩვეულებრივმა საშემსრულებლო ხელოვნებამ ქართველ პიანისტს არაერთი ჯილდო მოუტანა:

• 1974 — საქართველოს სახალხო არტისტი

• 1966 — ცვიკაუს შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, I პრემია, (გერმანია)

• 1962 — პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, III პრემია (მოსკოვი)

• 1961 — მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, III პრემია (მოსკოვი)

• 1959 — მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალი

• შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

მომზადებულია ინტერნეტში არსებულ ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

ყველა ახალი ამბავი
0