10:37 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1170)
30 0 0

თბილისის „დინამოსა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შორის გამარჯვებული გუნდი საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული უეფას მიერ ახლად შექმნილ ტურნირზე – „კონფერენს ლიგაზე“ გადაინაცვლებს.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს თბილისის „დინამო“ ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლებს.

შეხვედრა „დინამო არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, განმეორებით მატჩს კი გუნდები უკვე აზერბაიჯანში ერთ კვირაში გამართავენ. ორმატჩიანი დუელის შემდეგ გამარჯვებული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შიდა ჩემპიონატი ამჟამადაც მიმდინარეობს და თბილისის „დინამოს“ სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად არ აკლია, რასაც ვერ ვიტყვით ბაქოს კლუბზე. აზერბაიჯანული „ნეფთჩი“ ბოლო პერიოდში ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. ბაქოელებმა ბოლო ამხანაგურ მატჩში მოსკოვის „სპარტაკს“ მოუგეს, მანამდე კი სლოვენიურ „ოლიმპიასთან“ ფრე ითამაშეს, თუმცა სამირ აბასოვის გუნდს ოფიციალური თამაში თითქმის ორი თვეა არ ჩაუტარებია.

„ნეფთჩისთან" დაპირისპირება ერთგვარი გამოწვევაა „დინამოს" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძისთვის, რომელიც აზერბაიჯანში წლების განმავლობაში მუშაობდა და მეტოქე გუნდს კარგად იცნობს. ის 2009-2015 წლებში ბაქოს „ინტერს“ წვრთნიდა. კახა ცხადაძემ შეხვედრის წინ მოწინააღმდეგე გუნდსა და „დინამოს“ შანსებზე ისაუბრა.

„მეტოქე ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია. საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, დალაგებულად თამაშობენ და სერიოზული, ძლიერი მეტოქეა. პროცენტულად შანსზე ლაპარაკი არასერიოზულია, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პლუსები, რაც მეტოქეს აქვს, გავაჩეროთ და მინუსები გამოვიყენოთ“, – განაცხადა ცხადაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ „დინამო“ აზერბაიჯანულ კლუბთან ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდება, „კონფერენს ლიგაში“ გადაინაცვლებს, სადაც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. „კონფერენს ლიგაზე“ კი ქართული კლუბის მეტოქე ჰაიფას „მაკაბისა“ და ალმათის „ქაირათის“ წყვილში დამარცხებული იქნება.

თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ წელსაც ითამაშა და ალბანურ „ტირანასთან“ წაგების შემდეგ ასპარეზობას გამოეთიშა. მაშინ კოვიდ-პანდემიის გამო საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი შეხვედრები იმართებოდა.

თემები:
სპორტის ამბები (1170)

მთავარი თემები