ვილი სანიოლი: თუ ყველას ერთი მიზანი გვექნება, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშივილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებამდე საფრანგეთის ახალგაზრდულ გუნდსა და ფრანგულ „ბორდოს“ წვრთნიდა. ასევე მიუნხენის „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის ასისტენტიც იყო.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ჩემი მიზანია – ქართველ ფეხბურთელებთან და ფედერაციასთან ერთად წარმატების მიღწევა, იმედი მაქვს, საქართველოში საამაყო შედეგი მექნება – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფედერაციასთან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე: მას სურს რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საქართველოში>>

ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელად 15 თებერვალს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცა. მანამდე საქართველოს ნაკრებს სლოვაკი ვლადიმერ ვაისი ხელმძღვანელობდა, რომელმაც გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებული ფინალის შემდეგ თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება გააკეთა, ხოლო სომხეთთან მარცხის შემდეგ პოსტი ნაადრევად დატოვა.

ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრების ჩაბარებამდე ორწლიანი სამწვრთნელო პაუზა ჰქონდა. როგორც მან ინტერვიუში განმარტა, ეს ოჯახურ პრობლემებს უკავშირდებოდა.

წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

„ბაიერნთან“ მუშაობის შემდეგ ორწლიანი პაუზა ავიღე. ეს გადაწყვეტილება ოჯახური მიზეზების გამო მივიღე, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება. მამისთვის მთავარი პრიორიტეტი მისი შვილების ჯანმრთელობაა. მეც ასე მოვიქეცი და ეს ორი წელი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. ახლა ვითარება გამოსწორდა და სრულად შემიძლია ყურადღება ახალ პროექტებს დავუთმო“, – აღნიშნა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.

სანიოლი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა. მან ინტერვიუში ფედერაციის პრეზიდენტზე ლევან კობიაშვილზე და ვიცე-პრეზიდენტზე ალექსანდრე იაშვილზეც ისაუბრა.

„ლევან კობიაშვილი კარგად მახსოვს. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მე – მარჯვენაზე და ჩვენი გზები ყოველთვის იკვეთებოდა. როგორც მოთამაშე, ის ერთდროულად ხისტიც იყო და სამართლიანიც. იგივე შემიძლია ვთქვა ალექსანდრე იაშვილზეც. კარგია, როდესაც 10, 12 ან 15 წლის შემდეგ კვლავ ვხვდებით ერთმანეთს“, – განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს სათავეში „ბაიერნის“ მწვრთნელი ჩაუდგა>>

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელები წლების წინ სანიოლის თანამედროვეები იყვნენ. იაშვილისა და კობიაშვილის საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი გერმანიის ბუნდესლიგას უკავშირდება.

ნაკრების ახალმა მეთაურმა საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და მათ პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მე ყოველთვის მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებსაც სურთ მიაღწიონ წარმატებას და საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ როგორც მწვრთნელს, ისე მთელ ქვეყანას. მე მათთან მუშაობას ველი“, – განაცხადა მან.

ცნობილია, რომ ვილი სანიოლი განსხვავებული სამწვრთნელო მეთოდებითა და დისციპლინით გამოირჩევა. მისი განცხადებით, ნაკრებთან ერთად წარმატების მისაღწევად პირველ რიგში გუნდში დისციპლინასთან დაკავშირებულ საკითხებზე იზრუნებს. სანიოლმა ასევე აღნიშნა, რომ ჩვენს ნაკრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და ის სწორედ ამ შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდაზე იმუშავებს.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
მსოფლიო ჩემპიონი ეროვნულ ნაკრებში – ქართველმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო

ახალგაზრდა სპეციალისტმა ნაკრების მომავალ მეტოქეებზეც ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო იქნებიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოსალოდნელ მატჩებზე იმედიანად საუბრობს: „ეს რთული ჯგუფია, თუმცა, ეს 6-დღიანი სანაკრებო პერიოდი გარკვეულ ბალანსს შემოიტანს. ასეთ პირობებში შედარებით პატარა გუნდების წინააღმდეგ პრობლემები დიდ გუნდებსაც შეექმნებათ. 15-20 წლის წინ უფრო ძლიერი გუნდი, როგორც წესი, თამაშს იგებდა. არსებულ პირობებში კი ყველაფერი სხვანაირადაა“, – აღნიშნა ნაკრების თავკაცმა.

მოთამაშის ამპლუაში სანიოლმა კარიერა საფრანგეთში დაიწყო. 1995-1997 წლებში თამაშობდა „სენტ-ეტიენის“ გუნდში. მომდევნო ეტაპი მარჯვენა მცველისთვის იყო „მონაკო“ (1997-2000), საიდანაც იგი მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა (2000-2009). სწორედ აქ დაასრულა მან ფეხბურთელის კარიერა.

რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 – სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი>>

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში სანიოლი გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და ორჯერ - კონფედერაციის თასის მფლობელი (2001, 2003).

რაც შეეხება სამწვრთნელო საქმიანობას, სანიოლი ერთი სეზონი ხელმძღვანელობდა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს (U-21), რის შემდეგაც ორი სეზონი მუშაობდა „ბორდოსთან“ (2014-2016). 2017 წლიდან ფრანგი სპეციალისტი „ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბში საქმიანობდა.

ყველა ახალი ამბავი
0