საქართველოს წყალბურთელები როტერდამში მიმდინარე ტურნირზე საბერძნეთთან დამარცხდნენ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთი. მსოფლიო ლიგა
წყალბურთი. მსოფლიო ლიგა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრები А ჯგუფში ბრაზილიის, კანადის, საბერძნეთის, მონტენეგროსა და თურქეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრები ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში საბერძნეთის გუნდთან ანგარიშით 10:11 დამარცხდა.

დეან სტანოევიჩის შეგირდებმა პირველ ორ მეოთხედში წააგეს (2:3, 3:5), მაგრამ საუკეთესოდ ითამაშეს მესამე მეოთხედში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 5:2 მოიგო და ანგარიშიც გათანაბრდა – 10:10.

ბოლო ათწუთიან პერიოდში იყო თანაბარი ბრძოლა, მაგრამ ბერძნები უკეთესები აღმოჩდნენ. ერთადერთმა გოლმა, რომელიც იოანის ფუნტულისმა გაიტანა, საბერძნეთის ნაკრებს სასტარტო მატჩში გამარჯვება მოუტანა.

წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ქართველი წყალბურთელები ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებენ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მარკო ელეზი იყო, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები А ჯგუფში ბრაზილიის, კანადის, საბერძნეთის, მონტენეგროსა და თურქეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს. ჩვენი წყალბურთელების მომდევნო მეტოქე (15 თებერვალს) უნდა ყოფილიყო თურქეთის გუნდი, მაგრამ თურქეთის ნაკრების მოთამაშეებმა კორონავირუსზე ტესტი ვერ გაიარეს და გუნდი იძულებული გახდა ტურნირი დაეტოვებინა. ამგვარად, სტანოევიჩის შეგირდები ორშაბათს დაისვენებენ, ხოლო 16 რიცხვში კანადელებს დაუპირისპირდებიან.

ტურნირში ორ ჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი ასპარეზობს. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები გადავა. ამ ეტაპიდან გუნდებს შორის დაპირისპირება ოლიმპიური სისტემის მიხედვით გაგრძელდება – დამარცხებული ტურნირს გამოეთიშება. ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურს სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში პირველად იღებს ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას, რაც შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ევროპის ბოლო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0