თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში 14–21 თებერვლის პერიოდში ჩატარდება.
ტურნირში ორ ჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი იასპარეზებს. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები გადავა. ამ ეტაპიდან გუნდებს შორის დაპირისპირება ოლიმპიური სისტემის მიხედვით გაგრძელდება – დამარცხებული გამოეთიშება ტურნირს. ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურს სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
საქართველოს ნაკრები А ჯგუფში გამოვა, სადაც მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან საბერძნეთის, თურქეთის, კანადის, ბრაზილიისა და მონტენეგროს გუნდები. B ჯგუფში მოხვდნენ ხორვატია, საფრანგეთი, რუსეთი, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი.
ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩს საბერძნეთის გუნდის წინააღმდეგ 14 თებერვალს გამართავენ.
საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მიიღებს ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას, რაც შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ევროპის ბოლო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა.