თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ტაშკენტის ფეხბურთის კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე წვრთნის, ზედიზედ მეორედ უზბეკეთის ჩემპიონი გახდა.
შოთა არველაძე - სეზონის შედეგებით უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელია>>
ეროვნული „სუპერლიგის“ 23–ე ტურში „ფახთაქორმა“ 2:1 მოუგო „კოკანდს“ და ეროვნული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა. ამჟამად დედაქალაქის კლუბს 59 ქულა აქვს, ხოლო მის შემდეგ კლუბ „ნასაფს“ – 46.
„ზედიზედ მეორედ - ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია! ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ“, დაწერა არველაძემ თავის Facebook–გვერდზე.
გასულ სეზონში „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ კლუბმა უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.
არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ „А3“-ში ლუი ვან გალას ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „კაისერისპორთან“, „კასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ - იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.