„ყველა დროს თავისი გმირები ჰყავს“: ხუბულური მთავარ ოლიმპიურ ორთაბრძოლას იხსენებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliთენგიზ ხუბულური
თენგიზ ხუბულური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუსტად 40 წლის წინ, 1980 წლის 28 ივლისს მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტმა თენგიზ ხუბულურმა სსრკ-ის ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.

თენგიზ (თემურ) ხუბულური პირველი ძიუდოისტია სსრკ-დან, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი ორჯერ მოიგო - 1979 და 1981 წლებში. მას მოსკოვში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მოპოვების შესანიშნავი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ვერ მოახერხა. ხუბულური ვერცხლს „დასჯერდა“.

40 წლის შემდეგ ხუბულურმა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის მოგონებები „Sputnik-საქართველოს“ გაუზიარა, ისაუბრა თანამედროვე ძიუდოზე და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

© Sputnik / Vladimir Umikashviliთენგიზ ხუბულური
„ყველა დროს თავისი გმირები ჰყავს“: ხუბულური მთავარ ოლიმპიურ ორთაბრძოლას იხსენებს - Sputnik საქართველო
თენგიზ ხუბულური

- გავიდა 40 წელი მას შემდეგ, რაც თქვენ მონაწილეობა მიიღეთ პირველ და, სამწუხაროდ, ერთადერთ ოლიმპიურ თამაშებში. როგორი მოგონებები დაგრჩათ 1980 წლიდან?

- ფინალში ვან დე ვალესთან ჩემს შეხვედრას აქვს პრეისტორია, რომელიც 1976 წელს დაიწყო და ექვს წელიწადში დასრულდა. ჩვენ ცხრაჯერ შევხვდით ტატამზე და ამ ცხრა შეხვედრიდან რვა მოვიგე. თანაც ვიმარჯვებდი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გადამწყვეტ შეხვედრებში. მხოლოდ ერთხელ დავმარცხდი. სამწუხაროდ, ეს მოსკოვის ოლიმპიადის ფინალში მოხდა.

ჟურნალისტები და ძიუდოს მოყვარულები ხშირად მეკითხებიან: „როგორ წააგე, შენ ხომ ყოველთვის ჯაბნიდი მას?!“ რაზეც ვპასუხობ - სპორტში არ შეიძლება ყოველთვის მოგება, ზოგჯერ მარცხსაც განიცდი. სხვა საქმეა, რომ ძალიან დასანანია ისეთი ტურნირის ფინალში დამარცხება, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები. ალბათ იმ მომენტში არასაკმარისად შევაფასე მეტოქე, ავჩქარდი, მინდოდა სწრაფი გამარჯვების მოპოვება. ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე ვან დე ვალეს ევროპის ჩემპიონატზე შევხვდი ბელგიაში და იქ სულ რაღაც ნახევარი წუთი და ორი ვაზარი დამჭირდა გასამარჯვებლად.

ვერ ვიტყვი, რომ 1980 წლის ოლიმპიადისთვის მომზადებული არ ვიყავი. არა, იმ შეხვედრაზე ტაქტიკური შეცდომა დავუშვი, ავჩქარდი და მოხდა ის, რაც მოხდა.

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადა 80-ის ვერცხლის პრიზიორი, ქართველი ძიუდოისტი თენგიზ ხუბულური
„ყველა დროს თავისი გმირები ჰყავს“: ხუბულური მთავარ ოლიმპიურ ორთაბრძოლას იხსენებს - Sputnik საქართველო
ოლიმპიადა 80-ის ვერცხლის პრიზიორი, ქართველი ძიუდოისტი თენგიზ ხუბულური

- ანუ თქვენ დამარცხდით არა მსაჯის გადაწყვეტილებით მიღებული „კოკას“ გამო, რადგან ტატამი დატოვეთ?

- არა, ორთაბრძოლაში მომიგო. დასაწყისშივე ვცადე ილეთის შესრულება, რომელიც არ მქონდა სათანადოდ მომზადებული. ვან დე ვალემ ეს შეცდომა ჩემ წინააღდეგ გამოიყენა და ვაზარი დაიმსახურა. რასაკვირველია, ეს მარცხი ძალიან მოულოდნელი იყო. მაგრამ ეს ცხოვრებაა, მასში, როგორც სპორტში, ბევრი მოულოდნელობაა.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ვან დე ვალე ძალიან კარგი ძიუდოისტი იყო. ჩვენ ვმეგობრობდით და კარიერის დასრულების შემდეგაც გავაგრძელეთ ურთიერთობა, ვინაიდან ყველაფერი მთავრდება, მეგობრობა კი მუდმივია.

- ტურნირამდე განსაკუთრებულად თუ „გამუშავებდნენ“ საბჭოთა სპორტსმენებს? რაც არ უნდა იყოს, ოლიმპიადა ტარდებოდა სახლში, თანაც - მოსკოვში!

- დიახ, ეს ყოველთვის იყო. ჩვენ მუდმივად გვიმეორებდნენ - უნდა გაიმარჯვოთ. ოლიმპიადა ჩვენთან ტარდება, მით უმეტეს, პირველად, მით უმეტეს - მოსკოვში. რა თქმა უნდა, ასეთი იდეოლოგიური „დამუშავება“ სპორტის ყველა სახეობაში არსებობდა - ძიუდოში, ფეხბურთში, ჭიდაობაში. მაგრამ დამიჯერეთ, ასე ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველთვის. ყველას უნდა, რომ დაჯილდოების ცერემონიის დროს მათი დროშა აღიმართოს, მათი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდეს.

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიბელგიელი რობერ ვან დე ვალე და თენგიზ ხუბულური მოსკოვის ოლიმპიადაზე ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ
„ყველა დროს თავისი გმირები ჰყავს“: ხუბულური მთავარ ოლიმპიურ ორთაბრძოლას იხსენებს - Sputnik საქართველო
ბელგიელი რობერ ვან დე ვალე და თენგიზ ხუბულური მოსკოვის ოლიმპიადაზე ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ

- მოსკოვის ოლიმპიადაში დიდი პოლიტიკა ჩაერია - კაპიტალისტური ქვეყნების უმეტესობამ მაშინ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა და თავიანთი დელეგაციები არ გამოგზავნა: აშშ-მა, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ. ხომ არ დარჩა რაღაც უკმარისობის გრძნობა, რომ მოსკოვში მსოფლიოს ყველა უძლიერესი სპორტსმენი არ ჩამოვიდა?

- რასაკვირველია, გარკვეული უკმარისობის გრძნობა დაგვრჩა, რადგან იმარჯვებ, მედალს იღებ, მაგრამ გულის სიღრმეში რაღაც გღრღნის: „რა იქნებოდა, ყველა რომ ჩამოსულიყო? ასეთივე შედეგს მიაღწევდი თუ არა?“ ახლა მხოლოდ სპორტის ჩემს სახეობაზე ვსაუბრობ, რადგან მოსკოვში არ ჩამოვიდნენ იაპონელი ძიუდოისტები. არ მინდა არავის დაკნინება, მაგრამ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ბევრი ვერ მოიპოვებდა მედლებს, რადგან იაპონელები ძალიან ძლიერები იყვნენ და ამას ვერსად გაექცევი. განსაკუთრებით ძლიერი იყო იასუხირო იამასიტა, ალბათ იმ დროის საუკეთესო ძიუდოისტი.

ავიღოთ, მაგალითად, თბილისის ძიუდოს გრანპრი. როდესაც ჩვენთან იაპონელები, ფრანგები, რუსები ჩამოდიან - ტურნირი სრულებით სხვა მასშტაბს იძენს. და ეს იზიდავს გულშემატკივრებსაც. ნებისმიერ შეჯიბრს სჭირდება ვარსკვლავები. ასე იყო, არის და ყოველთვის იქნება.

- ოთხი წლის წინ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელმაც ვერცხლის მედალი მიიღო, ვერ შეძლო ემოციების შეკავება დაჯილდოების ცერემონიაზე. ეს იყო იმედგაცრუების ცრემლები. თქვენც ვერცხლს „დასჯერდით“. გესმით ლიპარტელიანის?

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიდაჯილდოვების წინ
„ყველა დროს თავისი გმირები ჰყავს“: ხუბულური მთავარ ოლიმპიურ ორთაბრძოლას იხსენებს - Sputnik საქართველო
დაჯილდოვების წინ

- რა თქმა უნდა, მესმის. მაგრამ სპორტიც ამიტომაა სპორტი - მოულოდნელობებით სავსეა. განსაკუთრებით, ისეთი სახეობა, როგორიც ძიუდოა. ემზადები ოთხი წელიწადი, მუდმივად ვარჯიშობ, რეჟიმს იცავ, მაგრამ ერთმა ხელიდან გაშვებულმა ილეთმა, ასეთი რამ ხდება, შეიძლება ხაზი გადაუსვას მთელ შენ მცდელობასა და ძალისხმევას. შეიძლება დამარცხდე სრულიად უცნობ მეტოქესთან პირველივე შეხვედრაში. აქ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ფსიქოლოგიაზე. ამიტომ მშვენივრად მესმის იმედგაცრუების ემოციები და ლიპარტელიანის ცრემლები. მათი სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია, ამისათვის სპორტსმენი უნდა იყო.

- მსგავსი რამ განგიცდიათ?

- წაგების დროს მეც მიტირია. განსაკუთრებით, როდესაც ვგრძნობდი, რომ ეს მსაჯების გამო, დაუმსახურებლად მოხდა. არ მინდა ახლა დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ასე მომხდარა. მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრაზილიაში მძიმე კატეგორიაში ვასპარეზობდი, 95 კგ ვიყავი, ჩემი ოპონენტი კი, გერმანელი ოლბერგი, 120 კგ-ს იწონიდა. რამდენიმე ილეთი შევასრულე, მაგრამ უცებ მსაჯებმა დამაჯარიმეს იმის გამო, რომ ფეხი ტატამის გარეთ გადავდგი, რაღაც დროის შემდეგ კი კიდევ ერთი გაფრთხილება დავიმსახურე და ტურნირიდან მომხსნეს. ცრემლი ვერ შევიკავე. რომ გენახათ, რა ხდებოდა დარბაზში, სადაც 30 ათასამდე მაყურებელი იყო შეკრებილი. მსაჯი, რომელსაც, სხვათა შორის, ამ შემთხვევის შემდეგ აღარასდროს უმსაჯია, დაცვის თანხლებით გაიყვანეს. მაყურებელმა ტატამს სხვადასხვა ნივთები დაუშინა, შეჯიბრი კი ნახევარი საათით შეწყდა, რათა გულშემატკივრები დაემშვიდებინათ. მაშინ ბრაზილიაში ძალიან პოპულარული გავხდი (იცინის). სპორტში ყველაფერი ხდება. ყოველთვის ყველაფერი სპორტსმენზე არ არის დამოკიდებული - იღბალიც საჭიროა. ზოგიერთი შეიძლება საერთოდ ვერ გახდეს ჩემპიონი, მე კი ორჯერ მოვიგე მსოფლიო პირველობა, რისთვისაც ღმერთის მადლობელი ვარ.

- თქვენ გახდით პირველი ძიუდოისტი სსრკ-დან, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, ორჯერ მოეგო მსოფლიო ჩემპიონატი - 1979 და 1981 წლებში. თქვენი სახელი საბჭოთა ძიუდოს ისტორიაში ჩაიწერა. რამე პრივილეგიებით თუ სარგებლობდით?

ვიქტორ სანეევი - მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი  - Sputnik საქართველო
ხელიდან წაგლეჯილი ოქრო: ვიქტორ სანეევის „ოლიმპიური“ თავგადასავალი

- ბუნებით ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ ჩემი ტიტულებით ვიტრაბახო და თავი გამოვიჩინო. ზოგს უყვარს ამის კეთება, მე - არა. მაგრამ მიღწევებითა და გამარჯვებებით ვამაყობ. ადრე ფულის გამო არ ვასპარეზობდით, ასეთი იდეოლოგია იყო. შეიძლებოდა მოეცათ მანქანა, ბინა. გაცილებით მსიამოვნებდა, ქუჩაში რომ მცნობდნენ და გამარჯვებას მილოცავდნენ. კარიერის დასრულების შემდეგ შეიძლებოდა კარგი სამსახური შემოეთავაზებინათ. ასე რომ, დიახ, გარკვეულწილად ცოტა მეტი პრივილეგია გვქონდა, ვიდრე დანარჩენებს.

- რამდენად ძლიერ შეიცვალა ძიუდო იმ დროის შემდეგ, როდესაც თქვენ ასპარეზობდით?

- ავიღოთ, მაგალითად, ფეხბურთი. ახლა ის ძალიან სწრაფია. იმავეს თქმა შეიძლება ძიუდოზეც. ადრე ჩვენი სპორტის სახეობა უფრო ტექნიკური იყო. ახლა კი მთავარი აქცენტი კეთდება ფიზიკურ მომზადებასა და სისწრაფეზე. ამასთან, ძიუდო უფრო დინამიკური, სანახაობრივი და პოპულარული გახდა. ამ მომენტისთვის ეროვნული ფედერაცია მსოფლიოს 178 ქვეყანაშია, ძიუდოისტთა საერთო რაოდენობა კი 20 მილიონს აღწევს. ამ მაჩვენებლით ძიუდო ფეხბურთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ეს ძალიან შთამბეჭდავი ციფრია და, დარწმუნებული ვარ, კიდევ მოიმატებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ძიუდო სწრაფად ვითარდება. ეს ადამიანის ჰარმონიული, სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის შესანიშნავი სპორტის სახეობაა. ძიუდო ადამიანს ასწავლის პატივისცემას, ცხოვრების წესებს. ეს ყველაფერი იაპონური ტრადიციების ნაწილია, რომლებიც ძალიან მომწონს.

© photo: Sputnik / Igor Kostin / გადასვლა მედიაბანკშითემურ ხუბულურის გდება
„ყველა დროს თავისი გმირები ჰყავს“: ხუბულური მთავარ ოლიმპიურ ორთაბრძოლას იხსენებს - Sputnik საქართველო
თემურ ხუბულურის გდება

რა თქმა უნდა, არის მომენტები, რომლებსაც თანამედროვე ძიუდოში არ მივესალმები. პირველ რიგში, ეს მსაჯობას ეხება. ზოგჯერ არბიტრები მეტისმეტად სუბიექტურები არიან და ეს შედეგებზე აისახება.

- როგორ ფიქრობთ, ოლიმპიადის ერთი წლით გადატანა სპორტსმენების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ფიზიკურ მომზადებაზე აისახება? თუ კარგი სპორტსმენისთვის ეს პრობლემა არ არის?

- სინამდვილეში ერთი წელი ძალიან დიდი დროა. თუნდაც ჩემი მაგალითი ავიღოთ - 1979 წელს ვან დე ვალე დავამარცხე, 1980 წელს - მასთან დავმარცხდი, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი კვლავ გავიმარჯვე. ახლაც ასეა - ზოგს სწორედ ახლა გამარჯვება უწერია, სწორედ დროის ამ მონაკვეთში. მაგრამ რაღაც მიზეზით ეს არ მოხდა, ერთ წელიწადში კი ყველაფერი შეიცვლება. ყველა დროს თავისი გმირები ჰყავს.

ახლა სულ დავობენ, ვინ უკეთესია - პელე, მარადონა თუ მესი. მაგრამ ეს არასწორია - ყველა თავისი დროის გმირი იყო. ვთქვათ, ჩვენს დროს უძლიერესი ძიუდოისტი იყო იამასიტა, დღეს - ვინმე სხვა არის.

ასე რომ, ოლიმპიური თამაშების გადადება ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირად ფასობს, ნებისმიერ ოლიმპიადაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, დასანანია - სპორტსმენი ემზადება, განეწყობა, შემდეგ კი ასეთი ფორს-მაჟორი ხდება. მაგრამ ღმერთმა ქნას, თამაშები გაისად ჩატარდეს და ჩვენმა სპორტსმენებმა ღირსეულად იასპარეზონ.

ყველა ახალი ამბავი
0