17:23 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
ოლიმპიადა 1980 (15)
167 0 0

თვითმხილველები ახლა ღიმილით იხსენებენ, რა უცხო და უჩვეულო პროდუქტების დაგემოვნება შეძლეს მოსკოვის ოლიმპიადის დროს, რომლებიც დღეს სრულიად ჩვეულია და მობეზრებულიც კი.

1980 წლის ოლიმპიადის წინ მოსკოვისა და ოლიმპიური თამაშების მასპინძელი მთელი რიგი ქალაქების დახლები დასავლურმა პროდუქტმა წალეკა. საბჭოთა მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაესინჯათ ფინური ძეხვი, საწრუპიანი წვენები და თუნუქის ქილებში ჩამოსხმული ლუდი. ეს ყველაფერი მათთვის უცხო და ეგზოტიკური იყო.

„გამოჩნდა სხვადასხვა წვენების დიდი რაოდენობა. მაგალითად, იუგოსლავური — რბილ შეფუთვაში, რომელსაც თან საწრუპი ჰქონდა. საჭირო იყო პატარა ნახვრეტის გაკეთება და შემდეგ წვენის დალევა საწრუპით შეიძლებოდა“, — ასე იხსენებს ირინა ძიძიგური დღეისათვის სრულიად ჩვეულებრივ პროდუქტს. ის მაშინ ოლიმპიადაზე თარჯიმნად მუშაობდა.

მრავალფეროვანი პროდუქტების შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ არა მხოლოდ საბჭოთა ადამიანები, არამედ უცხოელი სტუმრებიც. ძიძიგურის თქმით, უცხოელი ტურისტებისთვის შედგენილ მენიუში კერძებისა და დელიკატესების უფრო დიდი არჩევანი შედიოდა. ისინი, ვისთანაც თარჯიმანმა მოახერხა ურთიერთობა, ავსტრიელები და ჩეხები, ამბობდნენ, რომ მათ ძალიან მოსწონდათ კვება მოსკოვში.

მოსკოველები აღაფრთოვანა მრავალფეროვანმა სასმელებმა თუნუქის ქილებში. ეს მათთვის იმდენად უცხო და მომხიბლავი იყო, რომ ცარიელ ქილებს არ ყრიდნენ, აგროვებდნენ და სილამაზისთვის სახლებში ჰქონდათ გამოფენილი.

Фанту не нашел, есть Пепси
© AP Photo
რიგი პეპსი-კოლაზე

ძიძიგური იხსენებს, რომ დიდ სპორტულ არენაზე „ფანტა“ 20 და 50 კილოგრამიანი კეგებით მიჰქონდათ. მერე მას სპეციალურ გადასატან „კანისტრებში“ ასხამდნენ და „ლუჟნიკის“ თანამშრომლებს ასე დაჰქონდათ სასმელი ტრიბუნებზე, სადაც მწვრთნელები, მონაწილეები და VIP-სტუმრები ისხდნენ.

„ფანტის“ დამტარებლებს სპეციალური მოწყობილობა ჰქონდათ — შხაპუნა ონკანის მსგავსი. ღილაკს თითს აჭერდნენ და სასმელს პლასტმასის ჭიქებში ასხამდნენ“, — ამბობს ირინა ძიძიგური.

მისი თქმით, „ფანტა“ იმდენი იყო, რომ საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებს მობეზრდათ კიდეც უცხოური სასმელი.

„ჩვენ დიდ სპორტულ არენაზე, საინფორმაციო ცენტრში მაცივარი გვქონდა „კოკა-კოლით“, „ფანტითა“ და „პეპსით“ სავსე. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მალე საბჭოთა ლიმონათისა და „ბაიკალის“ მოტანა მოვითხოვეთ“, — იხსენებს თარჯიმანი. უცხოური სასმელის უჩვეულო შეფუთვის გახსნა ადვილი არ იყო. მაგალითად, „ფანტას“ მეტალის კასრებმა საბჭოთა სპორტსმენები დააბნია კიდეც.

Сервировка стола в ресторане Метрополь.
© photo: Sputnik / Vladimir Bogatyrev
ასეთი კერძებით უმასპინძლდებოდა რესტორანი „მეტროპოლი“ სტუმრებს ოლიმპიადის დროს

ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენებს გულუხვად უმასპინძლდებოდნენ. ადგილობრივ სასადილოში წასახემსებლად მათ ორაგულს ლიმონით ან ხორცს გარნირით სთავაზობდნენ. პირველ თავ კერძებში შედიოდა: ქათმის ბულიონი, ლობიოს წვნიანი არაბულად ან „მოსკოვური ბორშჩი“. ძირითადი კერძები კი იყო: ზუთხი ა-ლა რუსის სოუსით, ღორის შნიცელი ან შემწვარი ინდაურის ხორცი. გარნირად — შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო, დესერტად კი კარამელიზებული ვაშლები და ანანასის კომპოტი. 

რუსეთის მთავარი რაბინი ადოლფ შაევიჩი, რომელიც 1980 წელში იუდეველთა სალოცავში მსახურებდა, ამბობს, რომ ოლიმპიადის დროს ყველაფერი იყო, გარდა ქაშერული საკვებისა. თუმცა გამოსავალი აქაც მოიძებნა.  

„ოლიმპიურ სოფელში კარგი რესტორანი იყო, რომელსაც ქართველი მართავდა. იქ შეგეძლოთ მოგეთხოვათ, რომ ცალკე ტაფაზე, რომელზეც მანამდე ხორცი არ იყო შემწვარი, უძეხვო ტაფამწვარი მოემზადებინათ. რესტორნის მმართველი ამგვარ თხოვნებს გაგებით ეკიდებოდა, რადგან, მისი მონათხრობის თანახმად, თბილისში ბავშვობიდან მეგობრობდა ებრაულ ოჯახებთან. ისე კი, 1980 წელს ებრაელი სპორტსმენები რომ ჩამოსულიყვნენ რუსეთში, ნამდვილად ექნებოდათ კვების პრობლემა“ , — ამბობს ადოლფ სოლომონოვიჩი. 

საბჭოთა კავშირის დედაქალაქმა ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება 1974 წლის 23 ოქტომბერს მოიპოვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვენის 74-ე სესიაზე, სადაც 39 ხმით 20-ის წინააღმდეგ დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი — ლოს-ანჯელესი.

მთელი საბჭოთა კავშირი გაცხოველებულ სამზადისს შეუდგა. ყველაფერი თავისი წესით და რიგით მიდიოდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს ქვეყნებს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ბოიკოტს 64 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის: ისრაელი, კანადა, გფრ, იაპონია, ჩინეთი, კენია, ნორვეგია და სხვ. ამის მიუხედავად, მოსკოვის თამაშებზე დელეგაციები გამოგზავნეს აშშ-ის მოკავშირე დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, ფინეთმა, ახალმა ზელანდიამ, ესპანეთმა და შვედეთმა.

 

თემები:
ოლიმპიადა 1980 (15)

მთავარი თემები