თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის გოჩა გოგრიჭიანის ვაჟმა, გოჩა გოგრიჭიანმა–უმცროსმა კონტრაქტი გააფორმა მოსკოვის კლუბ „ცსკა"-სთან, ნათქვამია მოსკოვის გუნდის განცხადებაში.
შეთანხმების დეტალები ცნობილი არ არის. ჯერჯერობით დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რუსეთის პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში გოგრიჭიანი „ცსკა"-ს ვერ დაეხმარება, რადგან დედაქალაქის კლუბს ფეხბურთელების შემადგენლობაში შეყვანის უფლება რუსეთის პრემიერ-ლიგის თამაშებში არა აქვს.
გოგრიჭიანს რუსული პასპორტი აქვს, მოსკოვურ კლუბში „როსტოვიდან" გადავიდა, სადაც ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. 2019-2020 წლების სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
გოგრიჭიანი-უფროსი საქართველოს ნაკრებში 1994-1997 წლებში თამაშობდა. ეროვნულ ნაკრებში მან ცხრა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ერთ-ერთი გოლი თავდამსხმელმა საქართველო-უელსის ისტორიულ მატჩში გაიტანა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში 5:0 გაიმარჯვეს.