თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმა, 18 წლის ზურიკო დავითაშვილმა გუნდის სახელით მიმდინარე სეზონზე ექვსი მატჩი ჩაატარა.
პრემიერ–ლიგის მეექვსე ტურის ფარგლებში კვირას გამართულ მატჩში „რუბინმა“ „არსენალი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში დავითაშვილმა „არსენალის“ კარზე შეტევა განახორციელა.
„ვუმიზნებდი და მეგონა, რომ გავიტანდი, მაგრამ ძელს მოხვდა. უნდა ვიმუშავო მეტი, რომ კარში მოვახვედრო ბურთი. რა თქმა უნდა, გოლის გატანა მინდა, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვოს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ყველა ერთად ვხარობთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მოთამაშემ.
მისი განცხადებით, ახლა რუსულ ენას სწავლობს და ერთი თვის შემდეგ თარჯიმნის გარეშე მოახერხებს ინტერვიუს მიცემას.
„რუსულ ენას ვსწავლობ. ჯერჯერობით ჟურნალისტებთან საუბარი მერიდება. თვენახევრის შემდეგ ინტერვიუს რუსულ ენაზე თავისუფლად მოგცემთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
„რუბინსა“ და 18 წლის ქართველ ნახევარმცველს შორის კონტრაქტის ვადა ერთწლიანია. ყაზანელების შემადგენლობაში იგი 11 ნომრით ასპარეზობს. „რუბინი“–„ახმატის“ შეხვედრის შედეგებით ქართველი ფეხბურთელი ყაზანელთა შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
დავითაშვილის გარდა „რუბინში“ კიდევ სამი ქართველი თამაშობს – ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.