ძაგნიძე ყაზანის ტურნირზე პირველად დამარცხდა

გამოწერა
შემდეგ ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ტურნირის ლიდერს შეხვდება.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ყაზანში მიმდინარეობს, პირველად დამარცხდა.

ძაგნიძე მეხუთე ტურში შავი ფიგურებით რუს ალექსანდრა კოსტენიუკს დაუპირისპირდა და დამარცხდა. აქამდე ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ერთი ყაიმი და სამი გამარჯვება იყო.

ამ წაგების გამო ძაგნიძემ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციები დათმო. 3,5 ქულით ქართველი მოჭადრაკე მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო ლიდერის პოზიციები 4 ქულით დაიკავა რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრა გორიაჩკინამ, რომელმაც მეხუთე ტურში ჩინელ ტან ჩჟუნის მოუგო.

მეექვსე ტურში, 6 ივნისს ძაგნიძე ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება – თეთრი ფიგურებით სწორედ ალექსანდრა გორიაჩკინას დაუპირისპირდება.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიული სისტემით ტარდება – რვა მონაწილიდან თითოეული ყველა მონაწილესთან ორ პარტიას ითამაშებს: ერთს თეთრით, მეორეს – შავი ფიგურებით.

ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში>>

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა, რომელიც მონაწილეთა შორის დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება.

ტურნირი 18 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0