თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების და MLS-ის კლუბ „სან-ხოსე ერტქვეიქსის“ ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ოკეანეს გაღმა თავის გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის განვითარების შანსები შეაფასა.
„Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტის შეკითხვაზე, როგორ გრძნობს თავს MLS-ში და ხომ არ ნანობს, რომ ევროპა დატოვა, კაშიამ უპასუხა:
„არა, არანაირი სინანული არ არის. ეს შესანიშნავი ჩემპიონატია, ეს ძალიან წესიერი ლიგაა. ერთადერთი, ვფიქრობ, როგორც გუნდმა უკეთესად უნდა ვითამაშოთ. თუ ვილაპარაკებთ ზოგადად ცხოვრებაზე აშშ-ში, მე და ჩემი ოჯახი ამ ქვეყანაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ“.
ქართველმა მცველმა უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში MLS-ის განვითარების შანსები შეაფასა.
„რა თქმა უნდა, კი. ჩემს მომავალს იქ ვხედავ — როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, ისე კარიერის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ“, — განაცხადა გურამ კაშიამ.
კაშია „სან-ხოსე ერთქვეიქსში“ ამ ზაფხულს გადავიდა. მანამდე, რვა წლის განმავლობაში ის ჰოლანდიური „ვიტესის“ სახელით თამაშობდა. ბოლო რამდენიმე წელი კაშია გუნდის კაპიტანი იყო, ამ სეზონზე კი მან კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობაში რეკორდი დაამყარა. კაშიას ანგარიშზე 293 თამაშია, სადაც მან 25 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.