თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ, ნანა ძაგნიძემ ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველმა დიდოსტატმა 16,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო ვალენტინა გუნინას (რუსეთი), მესამე ადგილი კი 14 ქულით ჟუ ვენჟუნმა(ჩინეთი) დაიკავა.
ტურნირი შვეიცარული სისტემით 21 ტურად ჩატარდა (29-30 დეკემბერი) და მისი საპრიზო ფონდი 250 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ნანა ძაგნიძეს მსოფლიო ჩემპიონობამ 80 000 დოლარი მოუტანა.
ქალთა ასპარეზობის პარალელურად მიმდინარე ვაჟთა ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონის მაგნუს კარლსენის გამარჯვებით დასრულდა.
მიმდინარე წლის აპრილში ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.