08:37 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს კალათბურთის ნაკრები

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა

© FB / Georgian Basketball Federation
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
27 0 0

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის მომზადების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელსაც ნაკრების ლიდერი ზაზა ფაჩულიაც შეუერთდა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა. მატჩი 11 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

გუნდები ორ შეხვედრას ჩაატარებენ — 11 და 13 აგვისტოს, რომლის შედეგად გაირკვევა თბილისის "მერის თასის" მფლობელი. თუ თითოეული ნაკრები თითო გამარჯვებას მოიპოვებს, ჯილდოს მფლობელი ის გუნდი გახდება, რომელსაც უკეთესი მდგომარეობა ექნება ჩაგდებული და მიღებული ბურთების მხრივ.

"ჩეხეთთან თამაშს მზადების ერთ-ერთ ეტაპად განვიხილავ. ისეთი ახალგაზრდა არ ვარ, რომ მეტოქეს პირველივე წუთებიდან შევასკდე, თავი გავიგიჟო. ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში. მთავარია, სასურველ კონდიციებს ევროპის ჩემპიონატისას მივაღწიო", — განაცხადა ვარჯიშის კომენტარისას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

ფაჩულიამ ასევე განაცხადა, რომ გუნდისთვის ვიქტორ სანიკიძის დაკარგვა დიდი დარტყმაა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია და თითოეულმა მოთამაშემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სანიკიძის არყოფნის კომპენსირება მოხდეს.

ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩებით ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების მეორე ეტაპს დაიწყებენ. ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს იწყება. თბილისში გამართული თამაშების შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი სავარჯიშოდ საბერძნეთში გაემგზავრება, შემდეგ კი უკვე — ისრაელში, სადაც მათ ევრობასკეტი-2017-ის მატჩების ჩატარება მოუწევთ.

"მერის თასი" — ესაა საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი, რომელიც ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ან საკვალიფიკაციო თამაშებისთვის მზადების ფარგლებში ტარდება.

ევრობასკეტი-2017 გაიმართება 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ოთხ ქვეყანაში: ფინეთში, თურქეთში, ისრაელსა და რუმინეთში.

საქართველოს ნაკრები В-ჯგუფში გამოვა უკრაინის, ისრაელის, ლიტვის, იტალიისა და გერმანიის გუნდებთან ერთად. ამ ჯგუფის მატჩები თელ-ავივში გაიმართება.

მთავარი თემები