04:24 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

Agile Spirit-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. ნატოს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო საქართველოს ცალკეულ გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველო 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2021-ს („მტკიცე სული“) მასპინძლობს, რომელიც წელს უკვე მეათედ ჩატარდება.

სამინისტროს ცნობით, სწავლებამდე მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, რაც გულისხმობს წვრთნებში მონაწილე ქართველი და პარტნიორი ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა/გადაადგილებას სწავლების ჩატარების რაიონებში - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში.

უწყების ინფორმაციით, მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომლის გადასროლაც სენაკიდან ორფოლოს მიმართულებით ხვალ, 22 ივლისს იგეგმება.

„ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით დაკომპლექტებული სამხედრო ქარავანი სენაკი–ლესელიძე და ხაშური–ახალციხე–ვალეს ავტომაგისტრალზე გადაადგილდება, რის გამოც გზაზე მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, Agile Spirit-2021-ის საშტაბო კომპონენტი ტარდება სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ხოლო საველე სწავლება – ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე. სწავლების ფარგლებში ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

კერძოდ, 30 ივლისს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე 4 აგვისტოს, 09:00 სთ-დან 10-15 წუთით ახალციხე–ნინოწმინდის გზის 1-5 კმ მონაკვეთზე (ქალაქი ახალციხე – სოფელი მინაძე) და ხაშური–ახალციხე–ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 75-76 კმ მონაკვეთზე (ქალაქი ახალციხე) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სწავლება Agile Spirit საქართველოში 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.

მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში პირველად დაიგეგმა საჰაერო–სადესანტო ოპერაცია ქართველი, ბრიტანელი და პოლონელი სამხედროების მონაწილეობით. გარდა ამისა, სორტას პოლიგონზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი ოპერაცია გაიმართება.

წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.

მთავარი თემები