08:37 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
107 0 0

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბავშვებს შორის კორონავირუსის 41 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 9%-ს შეადგენს.

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. საქართველოში ბოლო სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა, შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ“ შტამთან შედარებით.

„ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, ორი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული.

დღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემაც განაცხადა, რომ წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ჰოსპიტალიზება აუცილებელია.

ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოში პედიატრიული საწოლების თითქმის 100% ათვისებულია, ასევე რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. სპეციალისტების განცხადებით, მეორე ტალღასთან შედარებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და სწორედ ამან განაპირობა პედიატრიული საწოლების პრაქტიკულად სრულად ათვისება.

პედიატრების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. იკვეთება გახანგრძლივებული ჰიპერთერმია და ამას შეიძლება თან ახლდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება. ასევე ზიანდება ფილტვები, ბავშვებს ახასიათებთ ზოგადი, საერთო სისუსტე.

მთავარი თემები