12:45 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

სპეციალისტები განმარტავენ, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო ადვილად აზიანებს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს.

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. ბავშვთა ვაქცინაციის პროცესის დაწყებაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გამოცხადდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

მინისტრის თქმით, ბავშვთა იმუნიზაციის საკითხზე ამ ეტაპზე დაკვირვება მიმდინარეობს.

„გეგმაში გვაქვს, შემდეგ კვირას საბჭოსთან ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორი იქნება საქართველოს მიდგომა 16 წლის ზემოთ ბავშვების აცრაზე. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ იმუნიზაციას, ველოდებით საერთაშორისო მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, რაც გამოწვეულია ვაქცინაციის ისედაც მაღალი აქტივობით.

„ჩვენ ჯერ კიდევ დაველოდებით მათ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ეს უნდა მოხდეს შეგნების, გააზრების დონეზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიუხედავად ამისა, ტიკარაძე ამბობს, რომ ეპიდვითარების გაუარესების და ვაქცინაციის აქტივობის შემცირების შემთხვევაში მომავალში შესაძლოა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხიც დადგეს.

მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 324.802 ადამიანი.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.398 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 382 ათასს გადააჭარბა.

მთავარი თემები