06:42 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
178 0 0

ილია თვალიაშვილი შიშობს, რომ მიღებული ტრავმების შემდეგ იგი პროფესიულ საქმიანობას ვეღარ დაუბრუნდება.

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. „პირველი არხის“ ოპერატორს, ილია თვალიაშვილს, თბილისში 5 ივლისის არეულობისას ორივე თვალი დაუზიანდა. იგი ცალი თვალით დაბრმავდა და არ იცის, შეძლებს თუ არა სამუშაოს დაუბრუნდეს.

5 ივლისს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა“ ჟურნალისტებზე ნადვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. ერთ-ერთი მათგანი - „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა - ცემიდან მეექვსე დღეს სახლში გარდაიცვალა. მან სახის ძვლების დაზიანებისა და ტვინის შერყევის გამო რამდენიმე დღე კლინიკაში დაჰყო, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ოპერატორის გარდაცვალებამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია და ქუჩაში ათასობით ჟურნალისტი გამოიყვანა. მასმედიის წარმომადგენლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ მოქალაქეთა უფლებების დაცვის უუნარობაში და პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომას მოითხოვენ.

როგორც ილია თვალიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მას რამდენიმე ადამიანი სცემდა. ოპერატორს დღემდე არ ესმის, როგორ შეიძლება ასე გამეტებით გაწირო ადამიანი, რომელსაც არ იცნობ და არაფერი დაუშავებია შენთვის.

„ზოგი ლაივის ღვედზე მიჭერდა, ზოგი კაბელზე, ზოგი ფეხებს მირტყამდა. ზოგი მუშტს მიღერებდა. შემდეგ მახსოვს, რომ ძირს დამაგდეს და რამდენჯერმე თავში მომხვდა ფეხი ძალიან ძლიერად“, - იგონებს ოპერატორი.

მისი სიტყვებით, მორიგი დარტყმის შემდეგ მან ტკივილისგან წამოიყვირა, შემდეგ კი გონება დაკარგა და გონს პოლიციის მანქანაში მოვიდა.

თვალიაშვილზე ჯგუფური ძალადობის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციამ დღეს დააკავა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით - „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით“ (ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით), „ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით“ (ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით) და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა“ (ისჯება ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით).

ეს უკვე მეორე დაკავებულია „პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმის საქმეზე. სულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის გამო 21 ადამიანია დაკავებული. მათ უმრავლესობას სასამართლომ უკვე შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. 

მთავარი თემები