01:23 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

ქართველი ოპერატორი უკანასკნელ გზაზე გააცილეს ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სამშაბათს უკანასკნელ გზაზე მასმედიის წარმომადგენლებმა, საზოგადოებამ და ოპოზიციამ გააცილეს.

ცხედრის გამოსვენებას თან ახლდა აპლოდისმენტები. ლაშქარავას კოლეგებმა ვიდეოკამერების დერეფანი მოაწყვეს და კამერების ობიექტივები სიმბოლურად დაუშვეს, რის შემდეგაც საბურთალოს სასაფლაომდე ფეხით მსვლელობა გაიმართა.

დასაფლავების პროცესი რამდენიმე ტელეარხმა პირდაპირ ეთერში გადასცა.

ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ცხედარი მისმა დედამ აღმოაჩინა. ოპერატორის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა შსს-მ უკვე გაავრცელა ვარაუდი, რომ ქიმიური ანალიზის წინასწარი მონაცემები ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირებას არ გამორიცხავს.

ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ოპერატორი 5 ივლისს, როდესაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

ამის პასუხად ღარიბაშვილმა ტელეარხებსა და ოპოზიციას ლაშქარავას სიკვდილით სპეკულაციაში დასდო ბრალი. მან ყველას მოუწოდა, დაელოდონ ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს.

საქართველოს შსს-მ ლაშქარავაზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა. ისინი განაჩენს საპატიმროში დაელოდებიან.

მთავარი თემები