06:15 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
57 0 0

სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. დილიდან საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება – ეკლესია აღნიშნავს დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას და სვეტიცხოვლობას.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

სვეტიცხოვლობა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება.

მართლმადიდებლური ეკლესია 13 ივლისს კვართის დღესასწაულსა და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში IV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. ასეთი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებში მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

IV საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.

V საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.

სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.

მთავარი თემები