07:30 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
95 0 0

სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი გადასცა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დედას უახლოეს მომავალში შეხვდება, განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში მომხდარი არეულობების დროს ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, გუშინ დილით გარდაცვლილი იპოვეს.

„მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ ოჯახში და წესი ავუგეთ ალექსანდრეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ალექსანდრეს ბოლო პერიოდში ჰქონდა პატრიარქთან შეხვედრის დიდი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შედგა შეხვედრა და მისმა უწმინდესობამ გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში მის დედას აუცილებლად შეხვდება“, – აღნიშნა იოანე მჭედლიშვილმა.

არქიმანდრიტმა ასევე განაცხადა, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტები უნდა გამოიძიონ.

„საპატრიარქოს პოზიცია აღნიშნულ ფაქტამდეც იყო, რომ არავის არ უნდა ეძალადა და იყო უამრავი წერილი ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული. თითოეული ძალადობა უნდა იყოს გამოკვლეული და უნდა იყოს დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

მისი ინფორმაციით, საპატრიარქოში ის სასულიერო პირები დაიბარეს, ვისაც 5 ივლისს „გადაცდომა ჰქონდა“ და მღვდელმთავრებმა მოსთხოვეს ყველაფერზე პასუხი.

რაც შეეხება საპატრიარქოს მხრიდან რეაგირებას მოძალადე სასულიერო პირებზე, იოანე მჭედლიშვილის თქმით ამისათვის  არსებობს რჯულის კანონი

„არსებობს რჯულის კანონი, როგორც სახელმწიფოს აქვს კანონები, ასევე აქვს ეკლესიას. აქედან გამომდინარე იქნება სწორედ რეაგირება. მღვდელმთავრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, თბილისში აქციები დაიწყო. ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ადგილზე მუშაობდა 3,2 ათასი პოლიციელი. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.

მთავარი თემები