08:55 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)
97 0 0

ოპერატორის ცხედარი გარდაცვალების მიზეზების დადგენის მიზნით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში სამართალდამცველებმა დილიდანვე გადაასვენეს. 

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ტვ პირველის“  ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი სამხარაულის ექპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში მიასვენეს.

ლაშქარავას დედის თქმით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაასვენეს. ცხედრის გადასვენებამდე ოჯახს იურისტის კონსულტაციის გავლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო - ადვოკატი იმ დროს გზაში იყო.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ექვსი დღის წინ თბილისში მომხდარი არეულობების დროს „ლგბტ თემის“ მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ოპერატორის ცხედარი გარდაცვალების მიზეზების დადგენის მიზნით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში სამართალდამცველებმა დილიდანვე გადაასვენეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცხედრის პირველადი დათვალიერების შედეგად, თავის არეში რაიმე სახის გემატომა ანდა თრომბოემბოლიის ნიშნები არ ფიქსირდება. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ლექსო ლაშქარავასთვის თვალის არეში მიყენებული ტრავმა შესაძლოა ყოფილიყო მისი გარდაცვალების მიზეზი.

„ძლიერი ტკივილებისგან მორფინს უკეთებდნენ. მას ყოველდღე უკეთებდნენ მორფინს, ერთ დღეში რამდენჯერმე უკეთებდნენ. ბოლო დოზა მიიღო 8 ივლისს, ამის შემდეგ ნარკოტიკი ოფიციალურად არ მიუღია“, - განაცხადა გეჯაძემ.

გეჯაძესთან ერთად გაკვეთის პროცესს ესწრებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, რომელიც გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის ინტერესებს იცავს.

დამოუკიდებელი ექსპერტი „ტვ პირველმა“ გარდაცვლილის ოჯახის თხოვნით დაიქირავა.

ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.

როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში თავდასხმის ობიექტი გახდა, ლექსოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში 20 ადამიანი სცემდა და ის სისხლის გუბეში დატოვეს.

პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. მიტინგზე მთავარი გამომსვლელები სწორედ მედიის წარმომადგენლები არიან. აქციის ჩატარება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა.

მედიის წარმომადგენლები მთავრობის გადადგომასთან ერთად ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მოითხოვენ.

სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)

მთავარი თემები