„ომში ვიყავი“ - ქართველი ექიმის ისტორია, რომელიც მოსკოვის წითელ ზონაში მუშაობდა

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoზურაბ ხაბაძე
ზურაბ ხაბაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
მედიცინის მუშაკის დღეს Sputnik-ი აქვეყნებს ინტერვიუს სტომატოლოგ ზურაბ ხაბაძესთან, რომელიც COVID-19-თან ბრძოლაში მოხალისედ წავიდა

დანარა კურმანოვა

ზურაბ ხაბაძესთან ინტერვიუს ჩაწერის პროცესში მის ტელეფონზე უწყვეტად მოდიოდა შეტყობინებები და ყოველ ჯერზე ექიმი აუცილებლად შეავლებდა ხოლმე თვალს ეკრანს.

„პაციენტები, - ამბობს იგი. - უნდა ვნახო, რას მწერენ, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა, სასწრაფო არ არის. ანგარიშებია. იცით, ამას ონლაინ-შემოვლას ვეძახი: ავადმყოფები მატყობინებენ თავიანთ მდგომარეობას ყოველ ოთხ საათში ერთხელ, ანალიზების პასუხებს, მათთან კავშირი მას შემდეგაც მაქვს, რაც კოვიდისგან განიკურნებიან და სარეაბილიტაციო პერიოდი აქვთ. ზუსტ რიცხვს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩემს ტელეფონში 2,5 ათასზე მეტი ახალი კონტაქტია - ინფიცირებულებისა, გამოჯანმრთელებულებისა, აცრილებისა, არიან ასევე პაციენტები წითელი ზონიდან - ისინი სოციალურ ქსელებში მეძებდნენ და მხოლოდ მაშინ იგებდნენ ჩემს სპეციალობას. საავადმყოფოში მათთვის ეს არ მითქვამს“.

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoზურაბ ხაბაძე
„ომში ვიყავი“ - ქართველი ექიმის ისტორია, რომელიც მოსკოვის წითელ ზონაში მუშაობდა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
ზურაბ ხაბაძე

ზურაბ ხაბაძე ექიმი-სტომატოლოგია. ერთი წლის წინ მოხალისედ წავიდა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის იყო განკუთვნილი.

სტომატოლოგთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული

ზურაბ ხაბაძე უბრალოდ სტომატოლოგი არ არის. ის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის დოცენტი და რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა.

  • „თუმცა მთელი ეს ინფორმაცია არაფერში სჭირდებოდათ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რადგან ყოველთვის, როდესაც პალატაში შევდიოდი, იწყებდნენ მკითხაობას: „ექიმო, ვინ ხართ - ნეიროქირურგი?“ – „არა!“ – „ნევროლოგი?“ – „არა!“ – „ტრავმატოლოგი?“ – „არა!“ – „კარდიოლოგი?“ – „მერე გეტყვით!“ - იხსენებს ხაბაძე. - გახსოვთ ეს მემები: „ექიმები არ გვყოფნის, ისხედით სახლში, თორემ კოვიდით ავადმყოფებს სტომატოლოგი გიმკურნალებთ“? ასე რომ, მაშინ ვერავის დავუმტკიცებდი, რომ ყველანი სუფთა ფურცლიდან ვსწავლობდით ამ დაავადებას, არ მინდოდა მათთვის ნერვიულობის საბაბი მიმეცა. ადამიანებს ისედაც უჭირდათ მორალურად. წარმოვიდგენდი, როგორ მისწერდნენ ნათესავებს: „აქ სტომატოლოგები დარბიან განყოფილებებში“ - და უფრო მეტად ინერვიულებდნენ. არა, არ არის საჭირო“.

ზურაბ ხაბაძემ სტომატოლოგობა ჯერ კიდევ მეცხრე კლასში გადაწყვიტა. „სკოლაში ფრიადოსნებს წასახალისებლად თურქეთში გამგზავრებას სთავაზობდნენ და ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობა მე მხვდა წილად, - ყვება იგი. - წავედი, აუზში სახე დავიზიანე, აღმოჩენილმა სტომატოლოგიურმა დახმარებამ არ დამაკმაყოფილა. ჩამტვრეული კბილები ბუნებრივად და ნატურალურად სპეციალისტებმა ვერ აღმიდგინეს. იმდენჯერ გადავიკეთე, რომ შედეგად თავად მომინდა მთელი პროცესის გაგება - რათა სხვა ადამიანების დახმარების ხარისხი გაცილებით მაღალი ყოფილიყო“.

უნივერსიტეტიც შემთხვევით შეარჩია. „ერთხელაც ნათესავებმა მითხრეს, რომ რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში ვერ მოვხვდებოდი, გადავწყვიტე, საპირისპირო დამემტკიცებინა“, - ამბობს იგი. დაამტკიცა. უბრალოდ კი არ მოეწყო, მთელი ხუთი წელი საუკეთესო ნიშნებზე ისწავლა და მოხვდა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო კურსდამთავრებულთა სიაში. „მსგავსს არაფერს ველოდი. უნივერსიტეტში სწავლის დასრულებისას პირველ ადგილზე გავედი, ნაწილობრივ, სამეცნიერო კვლევების დამსახურებით, რომლებსაც კბილების მყარ ქსოვილებზე ვატარებდი - ეს იყო ჩემი მომავალი დისერტაციის საფუძველი“, - იხსენებს სპეციალისტი.

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoზურაბ ხაბაძე
„ომში ვიყავი“ - ქართველი ექიმის ისტორია, რომელიც მოსკოვის წითელ ზონაში მუშაობდა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
ზურაბ ხაბაძე

ასპირანტურის შემდეგ ზურაბ ხაბაძე უნივერსიტეტში დარჩა. რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში ასწავლიდა კლინიკური საქმიანობის პარალელურად. 2014 წელს ის და მისი სტუდენტი მარიანა ბაირამუკოვა პირველი სპეციალისტები გახდნენ რუსეთში, რომლებმაც კბილების რესტავრაციის ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვეს. „ეს გამარჯვება უდრიდა სტომატოლოგიურ ევროვიზიაზე გამარჯვებას, ოსტატობის აღიარებას. ეს კონკურსები ტარდება პლასტმასის მოდელებზე, რომლებიც პირის ღრუს ზუსტ იმიტაციას წარმოადგენენ, და კბილები ამ მოდელებზე გარკვეული დეფექტებითაა - ყველა შესაძლო ლაქით, დეფექტით, ბზარით, ბუნებრივი ფერით. საუკეთესო ნამუშევარს სტომატოლოგიურ სფეროში მსოფლიო დონის სპეციალისტები არჩევენ. ახლა ამ ჩემპიონატისთვის ყოველ წელს სტუდენტებს ვამზადებ“.

ჩასაძირი ნავის გადარჩენა

ზურაბ ხაბაძის ჩვეული გრაფიკი - ლექციები, ჩემპიონატებისა და ოლიმპიადებისთვის სტუდენტების მომზადება, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა - 2020 წლის თებერვალში დაირღვა. „უნივერსიტეტში გაჩნდა პირველი კოვიდინფიცირებული და დაიწყო მთელი ეს საკარანტინო ისტორია, - იხსენებს იგი. - ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებები, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ჩემი სტუდენტები პრაქტიკაზე უნდა წასულიყვნენ, მომიწია კლინიკურ ბაზებზე სიარული“.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2020
COVID-19, ანუ რეპორტაჟი საავადმყოფოდან: იტალიელი ექიმის პოსტმა მსოფლიო შეძრა

იმაზე მეტი კადრი იყო საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში - მთელ მოსკოვში გაიხსნა დროებითი საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის. ერთ-ერთი ასეთი - მსხვილი საგამოფენო კომპლექსის ბაზაზე. „იქ შევიარე და პროცესის ორგანიზებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა სტუდენტს ურიგებდნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, საგანგებო სიტუაციების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უხსნიდნენ დამცავი საშუალებებით მუშაობის დეტალებს. საბუთები შევიტანე და უბრალოდ ვიკითხე: „შემიძლია რამით დაგეხმაროთ?“ მეუბნებიან: „დიახ, იქნებით ექიმი ინფექციურ განყოფილებაში“.

ზურაბ ხაბაძე ამბობს, რომ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა.

„შეიძლება მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მათთან ერთად არ წავსულიყავი. ჯერ ერთი, ჩემთვის ჩემი სტუდენტები - შვილებივით არიან. მესმოდა, რომ თუ განყოფილებაში შევიდოდი, მათ უსაფრთხოებაზე აღარ ვიდარდებდი. მეორეც, ჩემი იქ ყოფნა სტუდენტებს მეტ თავდაჯერებას მატებდა, მშობლებს კი - სიმშვიდეს. ეს მედიცინაა, აქ ყველაფერი ხდება - ჯერ ექიმი ხარ, მერე კი, დეფისის შემდეგ - სტომატოლოგი“.

მოგვიანებით, როდესაც ავადმყოფების რაოდენობა შემცირდა და საავადმყოფო დროებით დაიკეტა, ბევრმა სტუდენტმა ზურაბ ხაბაძეს გაუმხილა, რომ მოხალისედ მისმა მაგალითმა გადააწყვეტინა. „რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, ძალიან ინტერნაციონალური უნივერსიტეტია და მოხალისეებს შორის ბევრი უცხოელი სტუდენტი იყო - ვიეტნამიდან, ლიბანიდან, პალესტინიდან,  - ამბობს ხაბაძე. - ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ ისინი პროფესიის მნიშვნელობას აცნობიერებენ. არასდროს დამავიწყდება, როგორ მივედი დოკუმენტების შეგროვების დღეს და ჰოსპიტალთან მთელი რაზმი დამხვდა, ვიღაცის ხმა შემომესმა: „ბატონო ზურაბ, როგორ გვიხარია, თქვენთან ერთად ჩასაძირ ნავზე ყოფნა“. მაშინ ვთქვი, რომ ამ ნავით აუცილებლად გამოვცურავდით და ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა“.

კორონავირუსი აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2020
„ჩემი ქალიშვილი რეანიმაციაში მუშაობს... ეს შემაძრწუნებელია“ – რას ამბობს ამერიკელი ექიმი

ასეც მოხდა: ჰოსპიტალში 1040 საწოლზე მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელდა და სახლებში დაბრუნდა. 

18 საათი ინდივიდუალური დაცვის ფორმით

ზურაბ ხაბაძისთვის ყველაზე რთული პაციენტი აღმოჩნდა ასაკოვანი მამაკაცი ფილტვების 85 პროცენტიანი დაზიანებით. „მის ოჯახში უკვე დაკარგეს ერთი ადამიანი კოვიდის გამო, - ამბობს ექიმი. - ასეთ მომენტებში განსაკუთრებით მწვავედ გრძნობ მთელ პასუხისმგებლობას. ჩვენ მას ორი კვირა ვმკურნალობდით, რთული პერიოდი იყო. ამასწინათ დაწერა: ფილტვები სრულად აღდგა, იცავდა ყველა რეკომენდაციას, ყოჩაღ, ვამაყობ მისით“.

„შემიძლია ვთქვა, რომ ომში ვიყავი. მხოლოდ ასე შეიძლება კოვიდის შეფასება. თავდაპირველად იყო მორიგეობები, როდესაც წითელი ზონიდან 17-18 საათი არ გამოვდიოდით. ახლა ყველამ იცის, როგორ გამოიყურება დამცავი ფორმები - არ სვამ, არ ჭამ, გცხელა. იხდი - ის ხომ აბსოლუტურად ჰერმეტულია - და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს საკუთარ წვენში იხარშები. ამას ემატებოდა გადატენილი განყოფილება, ათობით პაციენტი შემოდიოდა, ყველას ექიმი სჭირდებოდა. ეს მართლაც ძალიან მძიმეა. ამიტომ სტუდენტებით ვამაყობ. განსაკუთრებული გრძნობაა - ჯერ კიდევ ორი დღის წინ კათედრაზე რაღაც შენიშვნებს აძლევდი, დღეს კი უკვე შენი კოლეგები არიან, შენი ხელები და თვალები, და ერთად მუშაობთ“.

ზურაბ ხაბაძე მხოლოდ ერთ ადამიანს არ აქებს - თავისთავს. ამ ერთ წელიწადში კოვიდიც გადაიტანა, კოვიდკლინიკაში ექიმად რომ ემუშავა, ძირითადი სამუშაოს შემდეგ, ღამ-ღამობით სწავლობდა თეორიას, აბარებდა გამოცდებს პულმონოლოგისა და ინფექციონისტის სპეციალობებით. ამ ყველაფერს ხაბაძე ორი სიტყვით აღწერს: „აქტიურად ვცხოვრობდი“. მისი აზრით, მხოლოდ თავის სამუშაოს ასრულებს, სულ ეს არის.

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoზურაბ ხაბაძე
„ომში ვიყავი“ - ქართველი ექიმის ისტორია, რომელიც მოსკოვის წითელ ზონაში მუშაობდა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
ზურაბ ხაბაძე

„ადამიანები მასობრივად ავადობენ, შენ კი ექიმი ხარ? წადი და იმუშავე, - იცინის იგი. - როდესაც დროებითი ჰოსპიტალი საგამოფენო სივრცეში დახურეს, სტუდენტებთან ერთად იუდინის სახელობის საავადმყოფოს ფილიალში წავედი. ზოგიერთი დასაქმდა და მორიგეობას სწავლას უთავსებს. ამჟამად კოვიდთან ბრძოლა გრძელდება, ის თავს გვესხმის, ჩვენ კი მოგერიება გვიწევს, ავადმყოფებს სახლებში ვმკურნალობთ, კონსულტაციას ვუწევთ და მოხალისეებად დისტანციურად ვმუშაობთ. საქართველოდან, სხვათა შორის, ბევრს გვწერენ - ჩემი ოჯახი ბათუმიდანაა, მეუღლეც იქაურია. კარგი იქნებოდა იქ გამგზავრება, მეც და ბავშვებსაც გვიყვარს აჭარა, გვენატრება. მაგრამ ვითარება ისეთია, რომ ბათუმში მოხვედრა ჯერ არც ისე მარტივია, ადამიანები კვლავ ავადმყოფობენ - ესე იგი ზღვა მოიცდის“.

ყველა ახალი ამბავი
0