05:05 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (965)
466 0 0

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ეპიდემიოლოგებმა „ინდური შტამის" 18 შემთხვევა გამოავლინეს და აღნიშნული შტამის სიმპტომები დაასახელეს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „ინდური შტამი" ძალიან სწრაფად ვრცელდება და თავისი სიმპტომებით სხვა შტამებიდან ოდნავ განსხვავდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მისი თქმით, „ინდური შტამი" ყველაზე მეტად ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას და დაავადება გრიპის მსგავსია.

„ეს, ერთი მხრივ, სახიფათოა, რადგან შეიძლება ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, მას ყურადღება არ მიაქციონ. შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიმდინარეობდეს. აღნიშნული შტამი ახალგაზრდებში, საბედნიეროდ, მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს, მაგრამ იგი შესაძლოა მათი ოჯახის ასაკოვანი წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს", – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინირებული ადამიანები აუცილებლად პირბადით უნდა იყვნენ იმ გარემოში, სადაც არავაქცინირებული პირები იმყოფებიან.

„მე შეიძლება დავინფიცირდე მაშინაც, თუ აცრა მაქვს გაკეთებული. ამის ალბათობა ძალზე მცირეა, მაგრამ არსებობს. მართალია, ვაქცინირებული ადამიანი ვირუსის ნაკლებად გადამტანია, მაგრამ მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ იგი სხვების დაინფიცირების წყარო გახდეს. ამიტომაც თუ თქვენ ხართ ვაქცინირებულ პირთა გარემოცვაში, შეგიძლიათ პირბადე მოიხსნათ, მაგრამ თუ თქვენ ირგვლივ არავაქცინირებული ადამიანები არიან, აუცილებელია პირბადის გამოყენება", – განაცხადა იმნაძემ.

კორონავირუსის „ინდური შტამის" პირველი შემთხვევა საქართველოში ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაშინ „ინდური შტამი" დაუდასტურდა საქართველოში ჩამოსულ ხუთ პირს, სამმა მათგანმა ქვეყანა დაუყონებლივ დატოვა.

სპეციალისტები „ინდურ შტამს“ უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი მისი მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 216.742 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 72.015 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (965)

მთავარი თემები