22:11 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

პანსიონიდან გაყვანილი ბავშვები გადაანაწილეს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, ბიოლოგიურ ოჯახებში.

თბილისი, 6 ივნისი  – Sputnik. ნინოწმინდის პანსიონიდან სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ამ დროისთვის 20 ბავშვი გაიყვანა, აქედან 7 შშმ სტატუსის მქონე ბავშვია, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ხორციელდება.

„სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, უკვე სამი დღე-ღამის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში მუშაობს. ისინი არასრულწლოვნების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, გამოყვანილი არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან გადაყვანილი, როგორიც არის ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, პანსიონში რჩება 33 ბავშვი, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონეა. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა მათი გაყვანა დაწესებულებიდან.

სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას.

პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანა ხორციელდება 5 ივნისს სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი განჩინების შესაბამისად, რომლის თანახმადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყონებლივ და ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უნდა მოხდეს ყველა შშმ ბავშვის გაყვანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა. 

ახლა არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს 10 დღიანი ვადა იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს საფრთხე ემუქრება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ისევ პანსიონში დააბრუნებენ.

როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებენ, სამართლებრივად მათ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების სახელით შეუძლიათ სასამართლოში დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ რიგში ეხება შშმ ბავშვებს. თუმცა, ორგანიზაციის იურისტების მტკიცებით, მოსამართლემ პანსიონი საფრთხის შემცველად შეაფასა ყველა ბავშვისთვის, რის გამოც თითოეულმა არასრულწლოვანმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება.

ნინოწმინდის პანსიონში ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა დამსჯელობით მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, ბავშვებს აიძულებენ მუხლებით იხოხონ, არ აძლევენ საკვებს და სხვ.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. საქართველოს საპატრიარქომ დღეს განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, პანსიონის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს არ მიეცათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. გარდა ამისა, ისინი არ გამორიცხავენ ბავშვების გამოყენებას ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათვის.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 ივნისს დაიწყო. უკვე გამოიკითხა რამდენიმე არასრულწლოვანი. შსს აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსულის მიმართ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება).

მთავარი თემები