14:49 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
46 0 0

საპატრიარქოს მიაჩნია, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს.

თბილისი, 6 ივნისი  – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყონებლივ და ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე მოხდეს ყველა შშმ ბავშვის გაყვანა.

„სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია“, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს მიაჩნია, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ.

„ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.

რაც შეეხება პანსიონში არსებულ ვითარებას, ამჟამად იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება.

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

ახლა არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს 10 დღიანი ვადა იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს საფრთხე ემუქრება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ისევ პანსიონში დააბრუნებენ.

ნინოწმინდის პანსიონში ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა დამსჯელობით მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, ბავშვებს აიძულებენ მუხლებით იხოხონ, არ აძლევენ საკვებს და სხვ.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

მთავარი თემები