18:00 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (381)
85 0 0

სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიზანია, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს, აცხადებენ მერიაში.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik.  თბილისში ახალი სატრანსპორტო ქსელის სრულად დანერგვის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ ოთხ წუთამდე შემცირდება, განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე. 

ბოლო წლებში საქართველოში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც  დედაქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვასთან ერთად მიზნად ისახავს, რომ თბილისელებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყოს.

მერია ეტაპობრივად ანახლებს ავტობუსის პარკს, ასევე უკვე შემუშავებულია და ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამი დონისგან შედგება.

 „ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და  დამაკავშირებელი ორი – საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი ავტობუსები, მომავალში კი იმოძრავებს 18-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე – 6, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად დანერგვის შემდეგ მოცდის დრო შემცირდება მინიმუმამდე. ეს იქნება საშუალოდ ოთხი წუთი, ხოლო ავტობუსების ტევადობა და გამტარუნარიანობა გაიზრდება 2,5-ჯერ“, – განაცხადა  ხმალაძემ.

თბილისის ავტობუსები დღეში დაახლოებით 109,5 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან. ხშირად ქალაქელებს ავტობისის 30–40 წუთით ლოდინი უწევთ. 

„ქალაქში ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემა მოცდის დროსთან დაკავშირებით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ქალაქში ჯერ კიდევ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა...  არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უწევთ ნახევარი საათი, 40 წუთი ლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვზრდით ავტობუსების რაოდენობას და გვყავს განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება პრობლემის მოგვარების გზა. ამას სჭირდება შესაბამისი, თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა  თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საზოგადოებრივი ტანსპორტის სწრაფი და კომფორტული მოძრაობის მიზნით 2021 წელს დედაქალაქში 20–კილომეტრიანი საავტობუსე ზოლი, ე.წ. „ბასლაინი“ გაჩნდა. წელს იგეგმება მისი 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით ნახევარია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არ იქნება

თბილისის მერმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნებათ და მათ სუფთა და სწრაფი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურებათ.

დღეისთვის თბილისში 680 ერთეული ახალი ავტობუსი და 300 მიკროავტობუსი მოძრაობს. წლის ბოლომდე კიდევ 380 ერთეული ავტობუსის შემოყვანა იგეგმება: 8–მეტრიანი 180 ერთეული და 18–მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსისა და 700 ერთეული მიკროავტობუსის შემოყვანა. 

„ფაქტია, რომ სათანადო სატრანსპორტო ქსელის გარეშე შეუძლებელია ქალაქში წესრიგის დამყარება, გარემოზე ზრუნვა კი მოძველებული ავტოპარკის პირობებში სასურველ შედეგს არ გამოიღებს. აი, რატომაც იყო ჩვენი მიდგომა კომპლექსური, რათა შეგვექმნა ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და არსებითად გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს თბილისს 1500–1700 მიკროავტობუსი ემსახურება, მაშინ როდესაც  ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის თანახმად, ავტობუსების ავტოპარკის გაზრდის ხარჯზე, ქალაქისთვის საკმარისი ათასი მიკროავტობუსიც იქნება.

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში,  დედაქალაქში 1 აპრილიდან  ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი გახდა. ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში 1,5 საათის განმავლობაში ერთხელ გადახდილი თანხით შესაძლებელი იქნება ავტობუსით, მიკროავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა.  დღის განმავლობაში აღნიშნული ტრანსპორტით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

თემები:
თბილისის მერია (381)

მთავარი თემები