18:50 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

რიონის ხეობაში ჯერჯერობით მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება, მაგრამ იმ სამი სოფლის მცხოვრებლებს, რომლებიც დაიტბორება, კომპენსაციები უკვე გადაუხადეს.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მდინარე რიონზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობა არ დაწყებულა, კომპანია მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, განუცხადა ჟურნალისტებს თურქული კონტრაქტორი კომპანია ENKA-ს დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

მისი თქმით, პროექტის შესაბამისად, კასკადის მშენებლობის არეალში დაიტბორება სამი სოფელი, მათ მცხოვრებლებს კომპენსაციის სახით უკვე 35 მილიონი ლარი გადაუხადეს.

„პროექტის შესაბამისად, იტბორება სამი სოფელი. გადახდილი არის დღეის მდგომარეობით 35 მილიონი ლარი კომპენსაციის სახით. დაკმაყოფილებულია პრაქტიკულად ყველა ის მოსახლე, რომელიც იმყოფებოდა დატბორვის არეალში, გარდა ერთი ქალბატონისა. დიდ იმედს ვიტოვებთ, მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და ამ საკითხების პროექტის სიკეთეების განხილვა, ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება და თავის საყვარელ ადგილს დაუთმობს საკუთარ სამშობლოს“, – განაცხადა ლომინაძემ.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მოქმედებენ პროვოკატორი ჯგუფები, რომლებსაც შეტაკებების პროვოცირება სურთ.

იმის დასამტკიცებლად, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა არ დაწყებულა, კომპანია ENKA-ს ჟურნალისტებისთვის მედიატური აქვს დაგეგმილი.

ამავე დროს საპროტესტო აქციების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კომპანია ჩუმად ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე 217 დღე გრძელდება.

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ამასთან მორატორიუმი არ ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებს რიონის ხეობაში.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მთავარი თემები