თბილისი, 27 მაისი - Sputnik. ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით სპეციალური Facebook-გვერდი Provax შეიქმნა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, აღნიშნულ გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. Provax-ის მეშვეობით მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას, თუ სად და როგორ შეძლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას. გვერდზე განთავსებული იქნება ასევე ვაქცინაციის პროგრამის დეტალები, ფაქტები და რეალური მონაცემები.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მასობრივი ვაქცინაცია ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დაბრუნების ერთადერთი გზაა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით, ხოლო 24 მაისიდან – Sinovac–ით დაიწყო.
პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრა, მაგრამ შემდგომში პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად აცრა უკვე 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ.