20:31 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (802)
99 0 0

საქართველომ აპრილში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო. დამატებით 500 ათას დოზას ქვეყანა ივნისი-ივლისში მიიღებს.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში Sinopharm-ით აცრასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებზე ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა.

ქართველი კანონმდებლები დღეს ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრებიან>>

საქართველოში მოქალაქეების აცრა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით 4 მაისს დაიწყო. პირველმა ჩინური ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაიკეთა, ასევე Sinopharm-ით აიცრა ხათუნა ზახაშვილიც.

„ვნახოთ, ესეც ვაქცინაა – შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. თუმცა ისეთი ტიპის მომსახურება, რომელიც აწყობილი გვაქვს ახლა ქვეყანაში, მაქსიმალურად გამორიცხავს რაიმე მძიმე გართულებებს, რომლებსაც რეაგირება დასჭირდება“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველამ უნდა მიმართოს ყველანაირ ღონეს, რათა ქვეყანამ დაავადების გავრცელება როგორმე შეაჩეროს.

„ყველაფერი დამოკიდებულია ყოველდღიურად ჩვენ ქმედებაზე – ნიღაბზე, დისტანციაზე, სივრცეების ხშირ განიავებაზე, ხელების ჰიგიენასა და, რა თქმა უნდა, აცრაზე“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, Sinopharm-ით ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს. ვაქცინაციისთვის საჭიროა სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირება და ვიზიტის დაჯავშნა.

ჩინური Sinopharm და Sinovac ვაქცინებით ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ აცრილია 240 მილიონამდე ადამიანი.

ჩინური ვაქცინები ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია - ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო მეთოდია. ამ ტექნოლოგიით შექმნილია, მაგალითად, დიფტერიის, В ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველას და ტეტანუსის ვაქცინები.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (802)

მთავარი თემები