თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით საჯაროდ აიცრებიან.
დეპუტატებს ვაქცინაციისთვის ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) 13 საათიდან ელოდებიან.
დეპუტატებისა და მინისტრების კორონავირუსზე აცრის გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
საქართველოში მოქალაქეების აცრა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით 4 მაისს დაიწყო. პირველმა ჩინური ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაიკეთა. ასევე Sinopharm-ით აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო (AstraZeneca-ს პრეპარატით). დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.
რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები>>
იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.