08:56 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა განსაზღვრეს ის წარმოებები და საქმიანობის ის სახეობები, რომლებიც უქმე დღეებში არ დაისვენებენ.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად არის გამოცხადებული. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საქართველოში 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ოფიციალური უქმეებია სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, 9 მაისი - ოფიციალური უქმე დღეა ფიშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებული უქმეა. ამგვარად საქართველოში უქმე დღეები 30 აპრილს დაიწყო და 13 მაისამდე გაგრძელდება.

ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მიიღო.

ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით 12 მაისის ჩათვლით არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგრამ შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა განსაზღვრეს ის წარმოებები და საქმიანობის ის სახეობები, რომელთაც უქმე დღეები არ ეხება.

ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით, ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, სტაციონარული სამედიცინო დახმარების დაწესებულებებს, ასევე იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც, დაფინანსების წყაროსგან დამოუკიდებლად, ჩართული არიან კორონავირუსის მართვის პროცესში (პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა).

ასევე უქმე დღეებში იმუშავებენ ფარმაცევტული დაწესებულებები, მოვლის სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებები, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები.

არასამუშაო დღეებში იმუშავებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, დისტრიბუციის, რეალიზაციის სფეროები; ასევე საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება; საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

გაგრძელდება წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა, ასევე ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

უქმე დღეებში იმუშავებენ პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები. ამ ჩამონათვალს ასევე განეკუთვნება სამაშველო საქმიანობა, ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები, უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება, დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები; მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები.

ამასთან, საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებში და საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეებს 4-11 მაისის პერიოდშიც მოემსახურებიან.

საქართველოში 3 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება>>

უქმე დღეებში დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის.

კერძო თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ათასობით მოქალაქე მუშაობას 13 მაისს განაახლებს.

მთავარი თემები