18:27 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

შეთავაზება გაფიცული თანამშრომლების ანაზღაურების გარკვეულწილად გაზრდას ითვალისწინებს. თავის მხრივ პირობა წამოაყენა საწარმოს ხელმძღვანელობამაც, რომ ქარხანამ მუშაობა დღესვე უნდა გააგრძელოს.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. რუსთავში მდებარე ქიმიური ქარხანა „აზოტის“ ადმინისტრაციამ პროტესტის მეხუთე დღეს გაფიცულ თანამშრომლებს გარკვეული შეთავაზებები წარუდგინა, იუწყება „პირველი არხი“.

საწარმოს თანამშრომლები ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით აქციას რამდენიმე დღეა მართავენ. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების გაზრდას ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. ხელფასების 20%-ით მომატებაზე მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც საუბრობდა.

შეთავაზების თანახმად, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც თვიური დარიცხული შრომითი ანაზღაურება აქვთ არაუმეტეს 1.000 ლარისა, დარიცხული ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ, ხოლო თანამშრომლებს, რომლებიც დარიცხული ხელფასის სახით 1.000-დან 1.500 ლარამდე თანხას იღებენ, ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდებათ.

ქარხნის ადმინისტრაცია ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკლებლივ ყველა თანამშრომელს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 50-ლარიანი პრემია ჩაურიცხოს. შეთავაზებაში მითითებულია, რომ ეს პირობა იმ შემთხვევაში შესრულდება თუ საწარმო ფუნქციონირებას დღესვე განაახლებს.

თავდაპირველად გაფიცულმა თანამშრომლებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით, საინიციატივო ჯგუფმა მსჯელობა დაიწყო თუ რამდენად მისაღებია მათთვის აღნიშნული შეთავაზება.

ამ დრომდე გაფიცული იყო „რუსთავის აზოტის" 2000-მდე თანამშრომელი.

კომპანიის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის არსებულ დავაში ჩაერთო ქალაქის მერია, რომელმაც შუამავლის როლი იკისრა.

სს „რუსთავის აზოტი“ სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. მისი პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.

მთავარი თემები