06:29 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
330 0 0

საქართველოში კოვიდ-პასპორტების გაცემის პრაქტიკა დაინერგება, ამ დოკუმენტის მიღებას ვაქცინის ორი დოზით აცრილი ადამიანები შეძლებენ.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოში კოვიდ-პასპორტების დანერგვაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობას და, სავარაუდოდ, კორონავირუსზე აცრილი ადამიანები მათ უკვე მაისის მეორე ნახევრიდან მიიღებენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში გაცემული კოვიდ-პასპორტი ევროკავშირში გაცემული დოკუმენტის მსგავსი იქნება.

„მასში ასახული იქნება აცრის სტატუსი, დაავადების გადატანის ან არგადატანის შესახებ ინფორმაცია და PCR-ტესტირების სტატუსი. ეს სამუშაო თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და ვფიქრობ, რომ ეს მომავალი ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს“, განაცხადა გამყრელიძემ.

კოვიდ-პასპორტის მოთხოვნას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა ექნებათ გაკეთებული. ამ დროისათვის ვაქცინის ორივე დოზით 2.887 ადამიანია აცრილი.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია იმუნიზაციის ელექტრონული ბაზიდან გავცეთ ამობეჭდილი დოკუმენტი, მაგრამ ჯერ არ გვაქვს კოვიდ-პასპორტები თავისი შესაბამისი QR კოდებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, 4 მაისიდან კი მათ ჩინური პრეპარატი Sinopharm-ი დაემატება.

„ვაქცინების მარაგი ქვეყანაში ეტაპობრივად შეივსება და ვაქცინა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 38.553-მა ადამიანმა ჩაიტარა – Pfizer-ის ვაქცინით 13.756-მა, AstraZeneca-თი კი 21.910-მა ადამიანმა. Pfizer-ის ვაქცინის ორი სრული დოზა 2.887-მა ადამიანმა მიიღო. რაც შეეხება ჩინურ Sinopharm-ს, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებას 27 აპრილიდან შეძლებენ.

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. როდის დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი თემები