თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოში სამედიცინო სფეროში მომუშავე 41 ათასი ადამიანიდან კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 ათასამდე მედიკოსმა ჩაიტარა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ აქტიურობა დაბალია და კარგი იქნებოდა, რომ ვაქცინაციის მსურველი უფრო მეტი იყოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად არ განიხილება ფართომასშტაბიანი „ლოკდაუნის“ საკითხი, მაგრამ მობილობის შესაძლებლობის ფარგლებში შეზღუდვა ძალაში რჩება, რადგან პანდემიასთან ბრძოლაში მთავარი ბერკეტია.
„შემთხვევების აგრესიული მატება თუ იქნება, შესაძლოა, ისევ ამოქმედდეს გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვები, თუმცა ფართომასშტაბიან „ლოკდაუნზე“ საუბარი ამ ეტაპზე არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსზე სულ 31.019 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო.
დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.
ამ ეტაპზე საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინები. ქვეყანა ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა მწარმოებლებთან. საქართველომ ასევე მიიღო ჩინური Sinopharm-ის 100 ათასი დოზა, რომლით აცრაც, სავარაუდოდ, 4 მაისიდან დაიწყება.
პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 297.728 შემთხვევა (20 აპრილის მონაცემი), გამოჯანმრთელდა 282.237, ხოლო გარდაიცვალა 3.959 ადამიანი.