თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
მუხთარლი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ეს ჟურნალისტის საქართველოში პირველი ვიზიტია 2017 წელს მისი გატაცების შემდეგ. მისი ჩამოსვლა, სავარაუდოდ, საქართველოს პროკურატურაში ჩვენების მიცემას უკავშირდება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმე დღემდე საქართველოს პროკურატურის წარმოებაშია.
„საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა... მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის 1 ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში პატიმრობაში იმყოფებოდა, ბრალად ედებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ფულის კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 2018 წლის იანვარში აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას შემდეგ, რაც ოჯახმა განაცხადა, რომ მუხთარლი მოიტაცეს, ფული ჩაუდეს და ფარულად გაიყვანეს აზერბაიჯანში, საქართველოს შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.
მუხთარლი 2020 წლის მარტში გათავისუფლდა და ბაქოდან მაშინვე გერმანიაში გაფრინდა. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერმა სცადა თბილისში ჩამოსვლა გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად, თუმცა, მისი თქმით, პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება უქმნიდა.
მუხთარლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.