05:48 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
210 0 0

ვაქცინაციის წახალისება და უსაფრთხო ზონების შემოღება წაადგება ბიზნესს და ვაქცინაციის მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გააჩენს, მიაჩნიათ მთავრობაში

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობა კორონავირუსზე ვაქცინაციის წახალისების ფარგლებში განიხილავს სასტუმროების, რესტორნების და ღამის კლუბებისთვის „უსაფრთხოს“ სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მაგრამ ვაქცინაციის ტემპები დაბალია.

„ბიზნესს ძალიან კარგად ესმის, რომ სულ რომ არ გავამკაცროთ რეგულაციები და ისედაც 2/3 მათი თანამშრომლების დაინფიცირდეს, უკვე შეუძლებელია, რომ ბიზნესმა იმუშაოს. რა თქმა უნდა, ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია... ვმუშაობთ, რომ „უსაფრთხო რესტორნის“, „უსაფრთხო ღამის კლუბის“, „უსაფრთხო სასტუმროს“ სტატუსები იყოს, რომელიც იქნება იმავდროულად მიმზიდველი არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ასეთი ღონისძიებები იქნება წამახალისებელი ბიზნესისთვის და ვაქცინაციის მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას უზრუნველყოფს.

მანამდე ვაქცინაციის წახალისებაზე და უსაფრთხო ზონების შემოღებაზე საუბრობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია სულ 14.207 ადამიანს აქვს ჩატარებული.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით ხელისუფლების ინიციატივით საქართველოში 100 ცნობილი ადამიანიც უნდა აიცრას. მაგრამ მოსახლეობა არ ჩქარობს რეგისტრაციას ვაქცინაზე, რადგან მას უსაფრთხოდ არ მიიჩნევს.

მთავარი თემები