11:14 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესის" კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო და ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას, მშენებლობა არ გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

საქართველოს მთავრობამ დამატებითი კვლევების ჩატარებამდე „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მარტის დასაწყისში მიიღო. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გაზრდილი პროტესტის ფონზე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს პროცესებში პირადად ჩართვა და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავალა. ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ხუთ თვეზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ადგილი, სადაც ჰესი შენდება, სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა თქმით, თუ ჰესის სამშენებლო სამუშაოები არ შეწყდება და მომიტინგეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციას უკვე თბილისში გამართავენ.

„მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს: მიზეზი, რაც იწვევს მოსახლეობის გულწრფელ წუხილს „ნამახვანჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოხსნილია. კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი", – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ საგზაო სამუშაოებს ახორციელებს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

როგორც თურნავამ აღნიშნა, საზოგადოებაში „ნამახვანჰესის" უსაფრთხოებისადმი ნდობის გასაზრდელად დაიწყო პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის“, რომლის ფარგლებშიც არსებული კვლევების გადასამოწმებლად მშვიდი და საქმიანი გარემოა საჭირო. 

„ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია კომპანიის მხრიდან და გადამოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისა თუ ექსპერტისთვის და ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება პროექტის სიღრმისეული გადამოწმება“, – აღნიშნა თურმავამ.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ქვემო ნამახვანს“ და „ზემო ნამახვანს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

 

მთავარი თემები