თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების ხელოვნური მიზეზი საავტომობილო გზის მშენებლობა და წყალსადენის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის შუალედურ ანგარიშში.
თბილისის მერია გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს. მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ 17 მარტს გახდა ცნობილი. დედაქალაქის მერია იძულებული გახდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეეზღუდა.
კვლევის თანახმად, ფერდობის ბუნებრივი საყრდენის ძირის ხელოვნურად მოშიშვლებულმა საერთო სიღრმემ 15-20 მეტრს მიაღწია. ამას დაემატა სამშენებლო სამუშაოები და ბუნებრივი პროცესები ტექტონიკური რღვევების სახით.
რას შეუძლია მეწყრის პროვოცირება
სპეციალისტების მონაცემების თანახმად, საუბარია დაახლოებით 800 ათასი კუბომეტრი მასის მოწყვეტის საფრთხეზე.
„მეწყრის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ ფაქტორებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა. ასეთ შემთხვევაში მეწყერმა შეიძლება დააზიანოს მაგისტრალური წყალსადენის სამი 900 მმ-იანი და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენები, რის გამოც მაღალი წნევით გამდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყრის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა, რაც მეწყრის დენას ქვედა მიმართულებით გაამარტივებს“, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად, მეწყერი, სავარაუდოდ, მოიცავს მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის და გელოვანის ქუჩებს.
გარდა ამისა, ექსპერტების ვარაუდით, თუ მეწყერი მთის ქვედა ნაწილში კიდევ ერთ მეწყერს წარმოშობს, მისი ჩამოწოლა უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
მერიის მოქმედება
თბილისის მერიამ ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების შესაჩერებლად პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო. ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.
მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის სამი მილი, რითიც მარაგდება დედაქალაქის გარკვეული ნაწილი. პირველ რიგში ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდება, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს ამ მილების წყლისგან დაცლა და ჩაკეტვა. ასევე დაწყებულია დროებითი წინაღობის მოწყობა, კეთდება კედლის ვერტიკალური საბჯენი, აცხადებს მერია.
მეწყერსაშიშ ზონაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით მიმდინარე კვირის ბოლოს ფერდობზე დამონტაჟდება მონიტორინგის უახლესი სისტემა.