ბენდელიანი: ვაშლიჯვრის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული პროცესი
მეწყრული პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
მერის მოადგილის განმარტებით, დედაქალაქის მერიას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მათ ყველა ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდიან.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით შემუშავდა გეგმა, რის შემდეგაც ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყერსაშიშ ზონაში კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერია გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, მერიის გადაწყვეტილებით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. 

მეწყერსაშიში ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდობის გარკვეულ უბნებზე მიწის მასები მოიჭრება

„პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყერის მოძრაობა შევამციროთ. გარდა ამისა, შემდეგი კვირის ბოლოს მონიტორინგის ახალი სისტემა დამონტაჟდება, რომელიც დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულ მოწოდებას უზრუნველყოფს. ამის შემდეგ ჩვენ გამაგრებით სამუშაოებზე გადავალთ“, – განაცხადა ბენდელიანმა.

აქვე მან აღნიშნა, რომ ვაშლიჯვრის დასახლების მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

„რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ თუ საფრთხე შეიქმნება, დაუყონებლივ იქნება მიღებული პრევენციული ზომები“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი გეოლოგების ჯგუფია ჩართული.

23 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული მასა დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება.

ყველა ახალი ამბავი
0