თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყება, მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.
გაბუნია: საქართველო უახლოეს პერიოდში Sinopharm-ის ვაქცინას მიიღებს>>
25 მარტიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ არა მარტო დარეგისტრირებულიყვნენ რიგის მართვის სპეციალურ პორტალზე, არამედ არჩევანი გაეკეთებინათ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის.
საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი 29.500 დოზა 25 მარტს მიიღო, რომელიც 14 ათას ადამიანზეა გათვლილი. დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს სამ დიდ ქალაქში, სადაც ის ექვს კლინიკაში გადანაწილდება. Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი იქნება თბილისის ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში: ბოკერიას სახელობის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, „ამტელის“ კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი; ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო; ხოლო ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა.
რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – „ასტრაზენეკას“ თუ „ფაიზერს“>>
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. დღეისთვის ამ პრეპარატით აცრილია 5 ათასზე მეტი ადამიანი. აღნიშნული ვაქცინის შემდეგი პარტია (86 400 დოზა) ქვეყანამ აპრილში უნდა მიიღოს. საქართველოს პრეპარატების მიღებაში „იუნისეფი“ ეხმარება.