თბილისი, 25 მარტი — Sputnik. Pfizer-ის ვაქცინას გარკვეული გართულებები აქვს – ეს ეხება პირებს, რომლებიც ხშირად იყენებენ ფილერს (ბუნებრივი შემავსებელი), განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, კითხვარს, რომელიც განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებმაც ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტეს, კიდევ ერთი კითხვა დაემატება – ხშირად იყენებთ თუ არა ფილერს (ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატია – რედ.). კითხვარში სულ 11–12 კითხვაა.
„თუ პასუხი დადებითი იქნება, მაშინ ექიმმა შეიძლება ამაში რისკი დაინახოს, იმ პერიოდში პაციენტს აცრა არ გაუკეთოს და იგი დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის სპეციალისტთან გაგზავნოს. Pfizer-ს აქვს ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არაანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებს შორის, ვინც ხშირად იყენებს ფილერს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა ასევე ისაუბრა ვაქცინაციის სტატისტიკურ მონაცემებზე. ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მედპერსონალიდან 4.152-მა ადამიანმა გაიკეთა. ამასთან, სპეციალურ ბაზაში ასევე დარეგისტრირებულია 75 წელს ზემოთ ასაკის 371 ადამიანი. 25 მარტიდან, მედპერსონალთან ერთად, ვაქცინაციაზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ.