თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. გარდაცვლილის დის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა ისეთი ანალიზები, რომ მისთვის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი ყოფილიყო.
ტიკარაძის განცხადებით, როგორც კი შუალედური დასკვნა გახდება ცნობილი, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი განცხადებას გააკეთებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტს პირველადი ყველა საჭირო დახმარება ახალციხის კლინიკაშივე ჩაუტარდა, სადაც რეანიმაციული განყოფილება გამართულად მუშაობს.
„ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გარდაცვლილი მედდის ოჯახი ვარაუდობს, რომ მედიკოსებს დროული რეაგირება არ მოუხდენიათ. ოჯახი ასევე მოითხოვს გარკვევას, თუ რა პრეპარატები მიიღო 27 წლის ქალმა ვაქცინის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე. ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფიც ჩაერთო.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ მოხდა, სადაც სამი დღის მანძილზე მედპერსონალის 16 წარმომადგენლის ვაქცინაცია განხორციელდა. ახალგაზრდა ქალს აცრა 18 მარტს გაუკეთდა. ვაქცინაციიდან 30 წუთში მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ქალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.